დაარსდა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ორდენი და პრემია
By

დაარსდა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ორდენი და პრემია

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა მჟავანაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ და რატომ დაარსდა ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ზაურ ლაზიშვილის სახელობის პრემია.
„2024 წლის 21 ნოემბერს აჭარაში საზეიმოდ აღინიშნა გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, ცნობილი პედაგოგის ზაურ ლაზიშვილის დაბადების 85 წლისთავი. სწორედ ამ დროს დაიბადა იდეა, რომ დაარსებულიყო მისი სახელობის ორდენი და პრემია, რომლითაც დაჯილდოვდებიან ქართული ქორეოგრაფიის ისტორიის წარმატებული მკვლევრები, ქორეოგრაფები, ქართული ფოლკლორის გამოჩენილი მოღვაწენი. პრემიის ლაურეატის წოდებას თან დაერთვება სოლიდური თანხა. პრემიით კიდევ უფრო მეტად იქნება უკვდავყოფილი ზაურ ლაზიშვილის სახელი და მისი მოღვაწეობა. ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელება ითავეს ქორეოგრაფისა და მეცნიერის მოსწავლეებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა: კახაბერ მარკოიშვილმა (საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე), მურმან გაბისონიამ (საქართველოს კულტურის ინსტიტუტის დირექტორი), ალექსანდრე ხიდაშელმა (ანსამბლ „ოჰოი, ნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი), ავთანდილ გვიანიძემ (ხელვაჩაურის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „ახალი თაობის“ სამხატვრო ხელმძღვანელი), არჩილ შარაძემ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „აისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი), ლევან ცეცხლაძემ (მუსიკოსი), თენგიზ ჭაღალიძემ (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩაქურას“ ხელმძღვანელი), ედუარდ სამნიძემ (ბათუმის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „აფსაროსის” სამხატვრო ხელმძღვანელი), დავით ქამადაძემ (ბათუმის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ცისკრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი), კახა ჩიტაიამ (ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე). სწორედ ეს ადამიანები და მათ მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები შეარჩევენ ზაურ ლაზიშვილის სახელობის ორდენისა და პრემიის ლაურეატებს. უახლოეს ხანებში შემუშავდება პრემიის დებულება.
პირველი პრემია 2025 წლის 21 ნოემბერს, ზაურ ლაზიშვილის დაბადების დღეს გაიცემა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ დიდებული პიროვნების სახელის უკვდავყოფა ითავა“, – წერს ზაზა მჟავანაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *