19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
დაბადების დღისთვის გამოყოფილი თანხით 320–მდე მიუსაფარი ცხოველი დაპურდა
By

დაბადების დღისთვის გამოყოფილი თანხით 320–მდე მიუსაფარი ცხოველი დაპურდა

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –

ინიციატივის – „ერთად ავაშენოთ კერა“ ფარგლებში ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ, რომელიც უკვე თვეებია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს, ამჯერად მოხალისეები შემოიკრიბა და მათთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე ცხოველების გამოკვებას შეუდგა. ამ საქმეში სულ 22 მოხალისე ჩაერთო. ისინი ასრულებდნენ მთავრობის მიერ დადგენილ ყველა წესს და ჯანდაცვის რეკომენდაციებს. თითოეულს ეკეთა პირბადე და ხელთათმანები, იცავდნენ სოციალურ დისტანციას. მოხალისეები ველოსიპედებით, მოპედებით, მოტოციკლეტით, გორგოლაჭებით („როლიკები“) თუ ფეხით ბათუმის ქუჩების გარდა ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, ხელვაჩაურში, გონიოს მიმართულებითაც წავიდნენ და გზად ყველა მიუსაფარი ცხოველი გამოკვებეს. ერთ-ერთმა მოხალისემ „ოცნების ქალაქსაც“ მიაკითხა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა დახვდა – ათობით მშიერი ლეკვი დამშეული დაეძებდა საკვებს. 200 ცალამდე პური ლევანმა თავისი სახსრებით, ხოლო ემიგრანტებისგან საკუთარი დაბადების დღისთვის ჩარიცხული თანხით 300 კგ „კორმი“ შეიძინა.

ერთობლივი აქციით, სულ 320–მდე მიუსაფარი ცხოველი გამოიკვება, რასაც მოხალისეების მიერ გადაღებული ფოტოსურათებიც მოწმობს.
– მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე ყველაფერი დაკეტილია. მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში მშივრები დარჩნენ. მინდა, რომ ხალხმა მაგალითი აიღოს ჩვენგან, ბათუმელებისგან, ეს აქტივობა სხვა რეგიონებშიც განახორციელონ. სოციალურ ქსელში დავწერე სტატუსი, რომ მჭირდებოდა მოხალისეები, ვინც ქალაქში მყოფი მიუსაფარი ცხოველბის გამოკვებაში დამეხმარებოდა. ძალიან ბევრი გამომეხმაურა, მაგრამ ავარჩიე 22 მოხალისე. ვინაიდან პანდემიაა და აუცილებელია სოციალური დისტანცია, რთული იქნებოდა ამ კუთხით ბევრი ადამიანის ორგანიზება. ამიტომ სრულიად საკმარისი იყო 22 ადამიანი სხვადასხვა უბანში გასაშვებად.

ისინი სხვადასხვა ტრანსპორტით მოვიდნენ, სრული კანონის დაცვით. მატერიალურად გვერდით დამიდგნენ ჩემი მეგობარი ემიგრანტები, რადგან შევატყობინე, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის აქტივობას ვგეგმავდი და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, სწორედ ეს იქნებოდა საჩუქარი ჩემი დაბადების დღისთვის. ხუთმა ემიგრანტმა ჩამირიცხა თანხა, რითიც ძაღლების ე.წ. კორმი შევიძინეთ. ამ საქმისთვის ფინანსური დახმარება გამიწია ასევე, ბათუმელმა მარინა გურგენიძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 5 წლის ბავშვმა ერთ-ერთ მოხალისეს ცხოველების გამოკვებისთვის მადლობა გადაუხადა, ერთმა 11 წლის ბათუმელმა ბიჭმა კი სხვა მოხალისეს თავისი შეგროვებული 21 ლარი გამოუტანა სახლიდან, – მე კარანტინში ვარ და ცხოველებს ჩემს სახელზე თქვენ უყიდეთ საკვებიო. არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, რომლებიც „კორმს“ ყიდულობდა, რათა მოხალისეებთან ერთად გამოეკვებათ ცხოველები. მინდა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ადამიანი იყოს ჩვენს ქალაქში. აღსანიშნავია ერთი სახლის სამეზობლოს მადლიერებაც, რომელმაც დალოცა მოხალისეები, როცა მათ უბანში მივიდნენ. უკვე ვხედავ, რომ საზოგადოება მიუსაფარ ცხოველებზე ასე თუ ისე ზრუნავს. უკვე იბრძვიან მათი კეთილდღეობისთვის და ეს დიდი შედეგია! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი საყვარელი გუნდის წევრებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მეხმარებოდნენ ოთხფეხა მეგობრებისთვის საკვების განაწილებაში, სოციალური დისტანციის დაცვის კონტროლში და ა. შ. მადლობა – ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ კარგ საქმეში, – გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
გაზეთი აჭარა ულოცავს ლევანს დაბადების დღეს! მეტი ასეთი სამაგალითო ახალგაზრდა – ჩვენს ქალაქს და სრულიად საქართველოს!

  • No Comments
  • აპრილი 26, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *