დავით გაბაიძე: საქართველოს ეკლესიის თავისუფლება ისტორიული მოვლენა იყო
By

დავით გაბაიძე: საქართველოს ეკლესიის თავისუფლება ისტორიული მოვლენა იყო

25 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – სწორედ ამ დღეს აღდგა ჩვენი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ქვეყნის სულიერ და ეროვნულ დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე:

„1917 წლის 25 მარტი ისტორიული დღეა – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებით, ოფიციალურად აღდგა 1811 წელს გაუქმებული ეკლესიური დამოუკიდებლობა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.

სამწუხაროდ, ამ ისტორიულ დღეს, ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე შევხვდით. სწორედ მისი დიდი ავტორიტეტის, ღვაწლის, ბრძოლისა და თავდადების შედეგად, 1990 წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი – ტომოსი, რომელიც ცნობდა უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს მსოფლიო ეკლესიათა იერარქიაში. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

სიმბოლურია ალბათ ისიც, რომ დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს დაემთხვა. მისი, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა ღირსეული გაგრძელება იყო იმ ურთულესი გზისა, რომელიც მისმა წინამორბედმა კათოლიკოს-პატრიარქებმა გამოიარეს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა“.

 

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *