
დავით მათიკაშვილი: „გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტში შესვლით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას, რომ ბოიკოტს წყვეტენ და პარლამენტში შედიან. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ: „ამ პარტიის 12 წევრი უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ, ისინი უბრალოდ სხდომებზე არ დადიოდნენ“.
„ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც თვე-ნახევრის წინ, მათმა ბელადმა აღიარა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არშემოსვლა და მანდატებით არსარგებლობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საპარლამენტო ცხოვრება გრძელდება. ვნახეთ წინა მოწვევის პარლამენტში არა მხოლოდ გახარიას პარტია, არამედ სხვა რადიკალების მონაწილეობაც. მათ თითი თითზე საკანონმდებლო საქმიანობაში არ დაუდიათ. არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით თავი პოზიტიურად დაემახსოვრებინათ საკანონმდებლო საქმიანობაში. ამიტომ, არც ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება ვინმე, თუმცა ისინი ალბათ უკვე ახლოდან, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში, პარლამენტში იმ სურვილებს და მიზნებს გააჟღერებენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა. მისივე თქმით,
„გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტში შესვლით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.
ტყუილში და ღალატში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რადიკალები. იყო მზაკვრული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მცდელობა, მოეხდინათ დელეგიტიმაცია იმ პარლამენტის საქმიანობის, რომელსაც მილიონ 120 ათას ადამიანზე მეტმა დაუჭირა მხარი. ისევე, როგორც გახარიას გაქცევა პარტიიდან, ეს ღალატიც ჩავარდა და ის შედეგები ვერ გამოიღო, რა მიზნითაც გათვალისწინებული იყო. ახლა თუ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო ტრიბუნა და მანდატები გამოიყენონ, მათი საქმეა“, – განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ.