დავით ქართველიშვილი: ქვეყანა შექმნის ტრანზიტულ ჰაბად გადაქცევის საფუძველს
საქართველოს დედაქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი „აბრეშუმის გზა“, რომელშიც მონაწილეობენ 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, ასობით ინვესტორი, მინისტრი და ექსპერტი. მთავარი თემაა ტრანსკონტინენტური ურთიერთკავშირების მომავალი და საქართველოს, როგორც სტრატეგიული ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის. ამ საკითხზე დავით ქართველიშვილმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც დეტალურად საუბრობს, თუ რა პრაქტიკული შედეგის მოტანა შეუძლია ამ ფორუმს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის. უცვლელად გთავაზობთ მის თვალსაზრისს.
„ამ შეხვედრის კვალდაკვალ, მომდევნო თვეებში ჩვენს ქვეყანას რამდენიმე პრაქტიკული შედეგის მიღება შეუძლია – პირველ რიგში, ინვესტიციების ზრდა. მოკლევადიან პერსპექტივაში, ინფრასტრუქტურული, საპორტო და სარკინიგზო პროექტების განვითარების შესაძლო შეთანხმებები გააძლიერებს ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ცენტრის პოზიციას. ფორუმი გახდება შესაძლებლობების „სავიზიტო ბარათი“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის – მათ შორის ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ევროკავშირიდან.
მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენთვის, ასევე, პოლიტიკური იმიჯის განმტკიცება. ასეთი მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება აძლიერებს მის სტატუსს როგორც ნეიტრალური, უსაფრთხო და გახსნილი პარტნიორის, რომელიც მზად არის დიალოგისთვის როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან.
და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ტურიზმისა და ბიზნესის სტიმულირება: ათასობით ახალი სტუმარი სხვადასხვა კონტინენტიდან ქმნის დამატებით შემოსავალს სასტუმროებისა და მომსახურების სექტორისთვის.
თუ გავაანალიზებთ გრძელვადიან პერსპექტივებს, სტრატეგიულად 5-10 წლის განმავლობაში საქართველო შეიძლება იქცეს საშუალო სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო რგოლად (ჩინეთი-ყაზახეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა). ამას აუცილებლად მოჰყვება:
ინფრასტრუქტურის განვითარება – ანაკლიის პორტიდან დაწყებული, სარკინიგზო ხაზებისა და საბაჟო ტერმინალების მოდერნიზაციამდე – ქვეყანა შექმნის საფუძველს ტრანზიტულ ჰაბად გადაქცევისთვის.
ახალი სამუშაო ადგილები და ტექნოლოგიური განახლება: ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი, ხოლო ქართული კომპანიები მიიღებენ წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
ეკონომიკური დივერსიფიკაცია: ფორუმი აძლევს მიმართულებას არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრულ ინტეგრაციასაც. საქართველო ცდილობს გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ „ციფრული აბრეშუმის გზის“ ნაწილიც, რაც ნიშნავს IT-სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარებას.
გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: გლობალური არასტაბილურობის პირობებში, საქართველოს მონაწილეობა ევრაზიულ ინფრასტრუქტურულ ჯაჭვებში, ზრდის მის მოლაპარაკებით ძალას და ამცირებს დამოკიდებულებას ცალკეულ პარტნიორებზე.
თუმცა, ყველას გვესმის, რომ ფორუმის წარმატება ავტომატურად არ ნიშნავს დაუყოვნებელ შედეგებს. რეალური ინვესტიციები მოითხოვს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, იურიდიულ გარანტიებსა და სტაბილურ საგადასახადო გარემოს. ასევე, კარგად გვესმის, რომ მეზობელ დერეფნებთან (განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით) კონკურენცია მაღალია. საქართველოს მოუწევს ბალანსის დაცვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ინტერესებს შორის, დამოუკიდებელი საგარეო კურსის შენარჩუნებით.
ქვეყნის შიგნით არსებული დესტრუქციული და რადიკალური „ტურბულენტობა“ ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული და სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოახდინოს ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგე ძალების სამართლებრივი განეიტრალება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში“, – წერს დავით ქართველიშვილი.
ირმა ცეცხლაძე