დათო ხიმშიაშვილი: ეს ის ადგილია, სადაც არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა იბრძოლო“
By

დათო ხიმშიაშვილი: ეს ის ადგილია, სადაც არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა იბრძოლო“

გაზეთ „აჭარის“ სტუმარია ბათუმის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის „მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი დათო ხიმშიაშვილი, რომელსაც დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. იგი პროფესიულ საქმიანობასა და განვლილ გზაზე გვესაუბრება.

– ბატონო დავით, საექიმო საქმიანობა საპატიო და საპასუხისმგებლოა. პროფესია საკუთარი სურვილით აირჩიეთ თუ…

დედის დიდი სურვილი იყო, სამედიცინო განათლება მიმეღო, თუმცა თავადაც მსურდა ადამიანებს დავხმარებოდი, მათ ჯანმრთელობაზე მეზრუნა. ვფიქრობ, ეს არის სფერო, სადაც შეგიძლია, ყოველდღიურად კარგი საქმეები აკეთო. დღემდე მახსოვს პირველი პაციენტი – შიში და მოტივაცია ერთდროულად მოვიდა. დღემდე ჩემთვის თითოეული პაციენტი ახალი გამოწვევა და ახალი გაკვეთილია. ახლა ვითავისებ, თუ რამდენად სწრაფად სწავლობ ყველაფერს რეალურ გარემოში, როგორ უსმენ ადამიანს, როგორ ეხმარები და როგორ იზრდები თითოეული შემთხვევის შემდეგ.

– რამდენიმე წელი წალკაში იმუშავეთ. ახალბედა მკურნალის ცხოვრებაში იქ გატარებულმა წლებმა რა კვალი დატოვა?

– თითოეული ქართველის ვალია, სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთს უპატრონოს. წალკაში მუშაობის გადაწყვეტილებაში პირადი სურვილიც იყო. იქ გატარებულმა წლებმა მასწავლა, რას ნიშნავს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, როგორ უნდა დაეყრდნო საკუთარ ცოდნას და როგორ უნდა მოიპოვო ადამიანების ნდობა. ჩემი პროფესიულად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ წალკაში დაიწყო.

– გაივლის წლები და სიამოვნებით გაიხსენებთ, რომ თრიალეთის ზეგანზე ქართველთა დამკვიდრებაში თქვენი წვლილიც შეიტანეთ. ახლა თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?

– წალკაში ქართველთა დასახლებაში მონაწილეობა, მათი დახმარება იყო და არის დიდი პატივი ჩემთვის. მათ დღესაც ვუწევ სათანადო დახმარებას, ურთიერთობები არ გამიწყვეტია.

– ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის შპს „ემერჯენსი სერვისის“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრ „მედინას“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობთ. ყველაზე კრიტიკული რა შემთხვევა გახსენდებათ?

– გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში მუშაობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. წინასწარ არ იცი, რა სირთულის პაციენტთან გექნება საქმე. ამ პოზიციებზე მუშაობისას, მუდმივად უნდა იყო მზად კრიტიკული სიტუაციისთვის. ჩემი გუნდი ყოველთვის მზადაა, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ის ადგილია, სადაც არასოდეს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა იბრძოლო.

– მსოფლიო დონეზე მედიცინა წინ წავიდა. როგორ უწყობთ დროს ფეხს?

– მედიცინა ის სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. როგორც ექიმს, მუდმივად მევალება გავიარო სამედიცინო გადამზადების კურსები, მივიღო ახალი ინფორმაცია, ფეხი ავუწყო ცვლილებებს. ვცდილობ, პაციენტს ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მკურნალობა შევთავაზო.

– წამყვან კლინიკაში დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ. რა კრიტერიუმებით უდგებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას?

– ჩემი მუშაობის ყველა ეტაპზე მთავარი კრიტერიუმებია ხარისხი, ეფექტურობა და პასუხისმგებლობა. როგორც ექიმი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვცდილობ, თანამშრომლებს სწორად გადავუნაწილო სამუშაო, რომ თითოეულმა მათგანმა ეფექტურად შეასრულოს თავისი ფუნქცია, რაც დადებითად აისახება პაციენტის მოვლა- მკურნალობაზე. ჩემი საქმიანობის საყრდენი ყოველთვის იქნება მაღალი სტანდარტების დაცვა, ახალი მიდგომებისა და ინფორმაციის გამოყენება- გაცემა.

– მრავალი პაციენტი გემადლიერებათ. სწორედ მათი სურვილი იყო, ჩაგვეწერა თქვენთან ინტერვიუ. როგორ მოვიდა ეს აღიარება?

– აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა და დიდი პატივიც. ჩემი აზრით, ეს ყოველდღიური, დაუღალავი თანმიმდევრული შრომის შედეგია. ვისურვებდი, ყველა ჩვენს კოლეგას ჰყავდეს ჯანმრთელი და მადლიერი პაციენტი. ეს გაძლევს მოტივაციას, დაუღალავად იშრომო და იმეგობრო კიდეც იმ ადამიანებთან, ვინც საკუთარ სიცოცხლეს განდობს.

– რამდენად მისაღებია თქვენთვის მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება?

– ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში დამატებითი ინსტრუმენტია, თუმცა მისი გამოყენება უნდა იყოს კონტროლირებადი და განსაზღვრული. ექიმის შეცვლა ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია, საბოლოოდ, გადაწყვეტილება მაინც ექიმმა უნდა მიიღოს.

– თქვენს მშობლიურ შუახევში კვალიფიციური ექიმების ნაკლებობაა. რა გზებითაა შესაძლებელი მთიელების დახმარება?

– ამ დროისთვის შუახევი მართლაც განიცდის კვალიფიციური ექიმების დეფიციტს. ამისთვის მნიშვნელოვანია, საქმეში ახალგაზრდა ექიმების ჩართვა, მათი დახმარება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ექიმების უფრო მეტად დაინტერესებას რეგიონში მუშაობით. მანამდე კი საჭიროა სტუდენტების სწავლის დაფინანსება.

-10-ზე მეტი სერტიფიკატის მფლობელი ხართ…

– ჩემთვის ყოველი ახალი სერტიფიკატი ახალი გამოწვევა, ახალი ცოდნისშეძენაა, რომელსაც პრატიკაში ყოველდღიურად ვიყენებ.

– იმ წლებში, როცა მსოფლიო „კოვიდ-19“-ის პანდემიამ შეაზანზარა, რა შეიცვალა თქვენს, როგორც ექიმის ცხოვრებაში?

– ეს პანდემია იყო სერიოზული გამოწვევა როგორც სამედიცინო სფეროს, ისე მთელი საზოგადოებისთვის. პანდემიის დროს მუშაობა ნამდვილად რთული იყო, შეიცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და სამედიცინო სისტემის მუშაობის პრინციპები. მედპერსონალი დაუღალავი შრომით, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. ბევრი კარგი ექიმიც დავკარგეთ… საკუთარ თავზეც გამოვცადე პანდემიის სიმძიმე… გახსენებაც არ მინდა.

– რამდენად გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

– ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მათ. თუმცა როგორ ვახერხებ ამას, ალბათ, ოჯახის წევრები უკეთ იტყვიან… რუსუდან დიასამიძესთან ერთად, 3 ქალიშვილი და ერთი ვაჟი გავზარდე. უკვე შვილიშვილსაც მოვესწარი.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *