
„დაიმსახურე ედემის ბაღი“
აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ და დაფინანსებულ პროექტში – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომელიც მეორე სასწავლო წელია მიმდინარეობს, ორჯერ გაიმარჯვა შუახევის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მალვინა ზოიძემ. წელს კი პროექტში `რესურსების შექმნით ვსწავლობთ ქართულ ლიტერატურას~ იზეიმა წარმატება. მისი განხორციელებისას, შექმნა არაერთი გაკვეთილის შესაბამისი რესურსი, რომელთა შორის გამორჩეულია ახალდაბის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების ჩართულობით გაკეთებული მაკეტი „ედემის ბაღი“.
– თავდაპირველად, მაკეტის შექმნის მიზანი იყო ქართულ ლიტერატურაში გენიოსი პოეტების: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, დავით გურამიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა გაცოცხლება. „ედემის ბაღის“ მაკეტზე განთავსებული თითოეული ხის ნიმუში გენიოსი პოეტების შემოქმედებას ასახავს. ისინი გვასწავლიან სწორ და მართებულ ცხოვრებას, გვიჩვენებენ გზას ღვთისაკენ, ანუ ედემის ბაღისაკენ, საიდანაც ოდესღაც მამაზეციერმა ადამი და ევა ერთი შეცდომის გამო გამოდევნა, – გვითხრა ღონისძიების ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა მალვინა ზოიძემ.
მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს პედაგოგმა და სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ გადაწყვიტეს ამ მაკეტის გამოყენებით მოეწყოთ საჩვენებელი მუნიციპალური ღონისძიება „დაიმსახურე ედემის ბაღი„. შუახევის საჯარო სკოლის დარბაზში გამართულ ზეიმში ჩართული იყვნენ მოსწავლეები, კერძო და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი მასწავლებლები და მოსწავლეები. ღონისძიებას აფასებდა სპეციალური ჟიური მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძის, მხატვარ სალომე დიასამიძის, იურისტ დალი დავითაძის, პედაგოგ ხათუნა ფარტენაძის, ექთან ნაზიბროლა დევაძის, ხელოვნების მასწავლებელ მირზა სათმანიძის, მუსიკის მასწავლებელ ლევან გუნდაძის შემადგენლობით. მათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იმიტაციები დადებითად შეაფასეს და მათი კუთვნილი დროშა „ედემის ბაღის“ მაკეტზე განათავსეს.
ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეთ მიესალმნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ჟიურის წევრები და პროექტში ჩართული მასწავლებლები.
ღონისძიება შეაჯამეს მასპინძელი სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ და ორგანიზატორი სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ.
– ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია მადლობას ვუხდით აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ წამოწყებისა და დაფინანსებისთვის. ახალდაბის სკოლა, მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის გამო, ვერაფერს გახდებოდა და ეს ღონისძიება ასე მიმზიდველი ვერ იქნებოდა, მასში რომ არ ჩართულიყვნენ ტაკიძეების, წყაროთის, დაბა შუახევის, უჩამბის, ფურტიოს საჯარო, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლების მოსწავლეები მასწავლებლებისა, და დირექტორების თანადგომით. ჩვენი ვალია, ასეთი პროექტების ორგანიზატორები წარმოვაჩინოთ და წავახალისოთ, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
