,,დამოუკიდებლობის დღეა ის თარიღი, რომელსაც ცნობს გაერო“
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესზე, მათ შორის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმსა და იმავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, ზვიად გამსახურდიას როლზე, პოლიტიკურ პროცესებზე, სახელმწიფო გადატრიალებასა და ქვეყნის განვითარების შესაძლო გზებზე გვესაუბრება ბსუ-ის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, აჭარის ყოფილი უზენაესი საბჭოს და ქალაქ ბათუმის საკრებულოს პირველი მოწვევის წევრი საარჩევნო ბლოკიდან ,,მრგავალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ფილოსოფიის დოქტორი ნუგზარ ჩხაიძე.
– როგორც ცნობილია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე, ამ თარიღმა რა როლი შეასრულა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით?
– 31 მარტის რეფერენდუმი უპრეცედენტო შემთხვევა იყო -კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში, ერთ-ერთ „მოკავშირე“ რესპუბლიკაში (საქართველო) ეროვნულმა ძალებმა კომუნისტური მმართველობის დროს ჩაატარეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე და გაიმარჯვეს წარმოუდგენელი შედეგით – დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა რეფენდუმში მონაწილეთა 98,99 პროცენტმა. ამით სამართლებრივი საფუძველი ჩაეყარა საქართველოს რეალურ,
დეიურე დამოუკიდებლობას, დღეისათვის გაერო საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებს სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგის და არა სხვა რომელიმე დოკუმენტის საფუძველზე. ჩვენთან ჩატარებულმა რეფერენდუმმა დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირშის რესპუბლიკებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრ გააქტიურებაზე… აღსანიშნავია, რომ საპროტესტო მუხტი მოედო სსრკ-ში შემავალ ავტონომიებსაც, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიაში. ამგვარად, საქართველო გახდა ის ლოკომოტივი, რომლის ლიდერობითაც წითელი იმპერიის უფლებააყრილმა ერებმა დაიწყეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
– ისიც აღსანიშნავია, რომ 31 მარტის რეფერენდუმი გაიმართა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს რამდენად მნიშვნელოვანი კოზირია სეპარატისტთა წინააღმდეგ?
– ის, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
(სამაჩაბლო), იძლევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მძლავრ იურიდიულ გარანტიას, მას ვერავინ გააუქმებს, რადგან ის ეყრდნობა ხალხის ნების გამომხატველ ყველაზე დემოკრატიულ აქტს – საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ დოკუმენტს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზებმა და ოსებმა (მათმა უმეტესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას), რითაც მომავალში, საქართველოდან გამოყოფის ყოველგვარი გზა მოიჭრეს (იურიდიულად, რეფერენდუმის შედეგის გაბათილების არანაირი მექანიზმი არ არსებობს). ამიტომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა ამაოა.
– 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო თუ არა ზვიად გამსახურდიას დამსახურება?
– ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, ერთ ასეთ, მოსახლეობისთვის უცნობ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი – რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის მიერ ეროვნული ხელისუფლებისადმი გამოცხადებული მაღალი ნდობის მიუხედავად, იყო საფრთხე, რომ ხალხისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატების საკმაოდ დიდი ნაწილი
(უმთავრესად კომუნისტები) ხელს არ მოაწერდნენ დამოუკიდებლობის აქტს, ამიტომ ასეთი სიტუაციისგან დაზღვევის მიზნით უზენაესი საბჭოს ,,არასანდო“ წევრები ისე მოიწვიეს სესიაზე,რომ ბევრმა მათგანმა საერთოდ არ იცოდა, რომ უზენაეს საბჭოს, რეფერენდუმის შედეგები უნდა დაემტკიცებინა და გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ნეგატიური შედეგებისგან თავის დასაზღვევად ხმის მიცემა ღია წესით ჩატარდა. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა დეპუტატმა ტ. რიგვავამ. ამის შემდეგ კი მოხდა საოცრება – დეპუტატების ნაწილი სხვადასხვა გზით ცდილობდა, თავი აერიდებინა დამოუკიდებლობის აქტზე თავისი ხელმოწერის დაფიქსირებისგან. რის ვაი-ვაგლახით მოხერხდა დარბაზში მყოფი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების შეგროვება. ზვიად გამსახურდია თითქმის ორი საათი ფეხზე იდგა დოკუმენტთან და ელოდა, ვინ და როდის „ინებებდა“ ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ ამ უმნიშვნელოვანეს აქტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირებას. მიუხედავად ყველა მცდელობისა, უზენაესი საბჭოს 25 წევრმა მაინც არ მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს. ის, რომ ბევრი ხელმომწერი, პუტჩის შემდეგ, ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა, მიუთითებს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა ნაწილის ფარისევლობაზე – ისინი არ იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებულნი, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხელმოწერა დამოუკიდებლობის აქტზე.
– არის მოსაზრება, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღე არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს უნდა აღნიშნოს. რას ფიქრობთ?
– ის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის რეალური დღე არის 1991 წლის 9 აპრილი, დასტურდება იმ ფაქტით, რომ ეს თარიღი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში (ეს დღე ზვიად გამსახურდიამ შეგნებულად მიუსადაგა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას). ამასთან ერთად, გაეროს წევრად ჩვენ ვითვლებით 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რაც შეეხება 26 მაისს, ის არის მეოცე საუკუნეში პირველი ქართული სახელმწიფოს დღე. ამავე დღეს, ოღონდ 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია (ამაზე არცერთი პოლიტიკოსი ხმას არ იღებს). როგორც ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს დაბადების ორი დღე, ასევე სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებლობის ორი თარიღი. გარკვეულ პერიოდში ამ უხერხულობისგან „თავის დაძვრენას“ ცდილოდნენ ასეთი ხრიკით: აღინიშნებოდა დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი) წლის მიუთითებლად. ასეთ ქმედებას შედეგად მოჰყვა გაუგონარი რამ – 2017 წელს აღინიშნებოდა დამოუკიდებლობის 26 წელი, ხოლო 2018-ში დამოუკიდებლობის 100 წელი (ანუ მენშევიკების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის თარიღი). ეს სრული აბსურდია მრავალი მიზეზით, მათ შორის ისეთითაც, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორია – ჟორდანიასდროინდელი საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვნად მეტი იყო 1991 წლის საქართველოს ფართობზე, არ არსებობდა ავტონომიები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, იმ სახელმწიფომ მხოლოდ სამი წელი იარსება და შემდეგ საერთოდ გაქრა პოლიტიკური რუკიდან (დასავლეთმა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია ცნო). საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ დაუკარგავს და მერე კვლავ მოუპოვებია დამოუკიდებლობა. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეა ის თარიღი, რომელსაც ცნობს გაერო. ასეთად მის მიერ აღიარებულია 1991 წლის 9 აპრილი და არა 1918 წლის 26 მაისი. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ არ იძებნება არც ერთი დოკუმენტი
(არც პოლიტიკური, არც იურიდიული), რომელშიც ფიქსირდება დამოუკიდებლობის რეალური თარიღის (1991 წლის 9 აპრილი) გაუქმების და მის ნაცვლად სხვა თარიღის (1918 წლის 26 მაისი) შემოღების მიზეზები. დამოუკიდებლობის დღის თარიღის შეცვლის რეალური მიზეზი შემდეგია – სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, საქართველოში არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით მოვიდა შევარდნაძის არალეგიტიმური ხელისუფლება და მათ ამ ჩიხიდან გამოსვლის მიზნით მოიგონეს ასეთი უტიფარი ვირეშმაკობა – შეცვალეს დამოუკიდებლობის თარიღი…
– ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით რამდენად მიზანშეწონილია რეფერენდუმის ჩატარება?
– არავითარი რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო არ არის. საქმე ისაა, რომ კანონიერი უზენაესი საბჭოს წევრთა უმეტესობას თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. სხვათა შორის, არც შემდგომ უკანონო ხელისუფლებებს გაუუქმებიათ მათი სადეპუტატო მანდატები, პრეზიდენტი გამსახურდია არ გადამდგარა თანამდებობიდან და ა. შ, ერთად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს გასვლითმა სესიამ გროზნოში (1993 წლის მარტი) და შემდგომ (1993 წლის ივლისი) მიიღო დადგენილება უზენაესი საბჭოს მუშაობის უწყვეტობის შესახებ. ასე რომ, საქართველოს უზენაესი საბჭო იურიდიულად არსებობს – ის არავის გაუუქმებია და არც თვითლიკვიდაცია გამოცხადებულა. აქვე ერთ საინტერესო გარემოებას უნდა გაესვას ხაზი – უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი, რომელიც სააკაშვილის გავლენის ქვეშაა და რომლებიც აკადემიკოსმა ე. ჯაველიძემ ხატოვნად „მიხუინები“ უწოდა, ცდილობს კანონიერი ხელისუფლების სახელით არჩევნებში მონაწილეობას, რითაც ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ძირს უთხრის.
– რა მიგაჩნიათ ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდ დამსახურებად და ყველაზე დიდ შეცდომად?
– დავიწყოთ შეცდომებით – ზვიადს არც ერთი სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვია და ის გარემოება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ზოგიერთი მინისტრი და უწყება არასათანადოდ მუშაობდა, არაფერს ნიშნავდა. ამ პერიოდისათვის ზვიადის მთავარი ამოცანა იყო, საქართველოს მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, რაც მან წარმატებით განახორციელა (სხვა საკითხები მეორეხარისხოვანი იყო). რაც შეეხება დამსახურებას, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მათ შორის მთავარია ქართველი ერის ერთ მუშტად შეკვრა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება. ამ გზაზე მან სამი ისტორიული ქმედება განახორციელა: 1. არჩევნების გზით ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები მოიყვანა. სხვათა შორის, იმდროინდელი ე. წ. რადიკალური ოპოზიცია, ჭანტურიას მეთაურობით, ფაქტობრივად, კრემლის დავალებას ასრულებდა და მისი ინსტრუქციით ჩაატარა ე. წ. კონგრესის არჩევნები, რითაც ცდილობდა ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნების ფიქტიურ, კომუნისტურ არჩევნებად გამოცხადებას. ამ დროს ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, ისევე, როგორც საქართველოში, ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომელთა ლეგიტიმურობა ყველა ქვეყანამ ცნო (მრავალპარტიული არჩევნები არ შეიძლება იყოს კომუნისტური). ამ ქმედებით, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძლავრი ბერკეტი მოიპოვა; 2. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის ჩატარება და გამარჯვება; 3. 1991 წლის 26 მაისს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ზვიად გამსახურდიამ გამოაფხიზლა მიძინებული ეროვნული სული, მაგრამ ის მაინც წუხდა, რომ საკმაოდ ბევრ ქართველს არ აქვს ეროვნული ცნობიერება, ნიჰილისტურად უყურებს თავისი ქვეყნის ისტორიას. მან შემდეგნაირად შეაფასა ასეთი ვითარება: „თუ გსურს, ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატეები კი გმირებად!“
– სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ არა?
– ჯერ გიპასუხებთ ტერმინ – „სახელმწიფო გადატრიალების“ თაობაზე. მისი გამოყენება გარკვეული მოსაზრებით ამოღებულია ხმარებიდან, ნაცვლად კი დანაშაულის კვალის დასაფარავად ხმარობენ ტერმინებს – რევოლუცია, ძმათამკვლელი ომი, სამოქალაქო ომი და ა. შ. ასეთი გზით გარკვეული ძალები ცდილობენ, აიცილონ პასუხისმგებლობა სახელმწიფო გადატრიალებაზე და მის გამოწვევაში კანონიერი ხელისუფლება და პუტჩისტები თანაბრად დაადანაშაულონ. კიდევ ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – ზოგიერთი ე. წ. პოლიტიკოსი ზვიად გამსახურდიას დასამცირებლად დაჟინებით ამტკიცებს, რომ 1992 წლის 6 იანვარს იგი მთავრობის შენობიდან გაიქცა.
გაქცევა იყო ის, როცა ედუარდ შევარდნაძემ 2003 წელს პარლამენტიდან მოკურცხლა, მ. სააკაშვილი კი გორთან თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე გარბოდა თავქუდმოგლეჯილი… ზვიადი კი არ გაქცეულა, არამედ მის თანამებრძოლებთან ერთად გაარღვია შეიარაღებული პუტჩისტების ალყა (რომლებსაც რუსები ეხმარებოდნენ). ძალები უთანასწორო იყო, ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა (ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია მთავრობის სახლის 113 დამცველი და კიდევ ავტობუსში მყოფი 20-მდე უიარაღო პირი). რაც შეეხება იმას, შეიძლებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება, ჩემი პასუხია – არა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო გადატრიალება დაიგეგმა გარედან (რუსეთი, აშშ) და ძირითადად, განხორციელდა ქართველი მოღალატეების (ე. შევარდნაძე, თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი და ა. შ.) ხელით. ამ ძალებს ჩვენ ვერ მოვერეოდით. რად ღირს იმის აღნიშვნა, რომ სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ნახევარ თვეს გრძელდებოდა, მხოლოდ ბელორუსიამ დაგმო, ხოლო მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა (უფროსმა) მწვანე შუქი აუნთო პუტჩს, როცა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ზვიად გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიდის“. გაუგონარი ღალატი ჩაიდინა ქართულმა ე. წ. წითელმა ინტელიგენციამ, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ეროვნული ხელისუფლების დამხობას. ასეთი „საქმიანობა“ მათ დაუფასა ე. შევარდნაძემ, რომელმაც თბილისის აეროპორტში, მოსკოვიდან მისი ჩამოფრენის დღეს ( 7 მარტი, 1992 წ.) მადლობა გადაუხადა იმ „ინტელიგენტებს“, რომლებიც ავტომატით ხელში ებრძოდნენ კანონიერ, ეროვნულ ხელისუფლებას.
– სახელმწიფო გადატრიალება რომ არ მომხდარიყო, საქართველოს განვითარება რა გზით წავიდოდა?
– პასუხი ცალსახაა – რომ არა სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა (საკმარისია გავიხსენოთ სამეგრელოს ხუთგზის აოხრება), ჩვენი ქვეყანა იქნებოდა დაწინაურებული, სრულყოფილი სახელმწიფო. მოღალატე პუტჩისტებმა ე. შევარდნაძის მეთაურობით გაასხვისეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, უამრავი ადამიანი შეგნებულად გაწირეს სასიკვდილოდ (მაგალითად, სოხუმის სკოლებში სწავლა დაიწყეს 1993 წლის 15 სექტემბერს, ანუ იმ დღეს, როცა სეპარატისტებმა სოხუმზე დაიწყეს მასირებული შტურმი).
ასევე, მტრის საჯიჯგნად ჩატოვეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამაჩაბლოს და ზემო სვანეთის მოსახლეობა. ამას დაემატა ქვეყნის ეკონომიკური გაჩანაგება… გარდა ამისა, საგანგებო დემოგრაფიული ვითარების შექმნა, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა ქართველი მოსახლეობის შემცირებაში და ქვეყნიდან მოსახლეობის მასშტაბურ გადინებაში.
– ზვიად გამსახურდია საინტერესოა არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური მოღვაწე, არამედ როგორც მეცნიერი, რომელმაც გაამდიდრა საქართველოს სულიერი საგანძური…
– ზვიად გამსახურდიას, როგორც უაღრესად ნიჭიერი პიროვნების კალამს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო და სხვა სახის ნაშრომი. მისი ხელიდან მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოდიოდა. პირადად ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნაშრომებმა – „საქართველოს სულიერი მისია“ და „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“, ხოლო ლექსი „ქრისტეშობა“, რომელიც მან დევნილობაში დაწერა, ქართული პოეზიის შედევრად მიმაჩნია. საქართველოს მტრებმა ზვიად გამსახურდიას მრავალი აბსურდული პრეტენზია წაუყენეს, მათ შორის ერთ-ერთია ის ბრალდება, რომ სუსტი პრეზიდენტი იყო და თითქოს მიტომ ჩამოაგდეს მოკლე დროში. ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდია ხანმოკლე ვადით იყო ქვეყნის სათავეში, მან შეძლო ქართველი ერისთავის უმნიშვნელოვანესი რამ – საქართველოს მოაპოვებინა დამოუკიდებლობა. მთავარი ის კი არ არის, თუ რამდენ ხანს მართავდი ქვეყანას, არამედ ის, თუ რა გააკეთე ქვეყნისთვის (არაბები 4 საუკუნე იყვნენ თბილისში და ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებიათ საქართველოსთვის). ზვიადმა ამ კუთხით შეუძლებელი შეძლო – აღადგინა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო სახელმწიფო არ იყო, ის იყო კომუნისტური იმპერიის პროვინცია. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი უკვდავია და ოქროს ასოებით შევიდა საქართველოს ისტორიაში, რადგან ის, და არა სხვა ვინმე, არის დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მესაძირკვლე, ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელი!
ლაშა ხომერიკი