დარბაზის სტუმარი – სკოლის დირექტორი
By

დარბაზის სტუმარი – სკოლის დირექტორი

შუახევის რაიონის სოფელ გოგაძეების მკვიდრი მზია გოგაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი იყო, როცა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი დამოუკიდებელი გაკვეთილი ჩაატარა. ისეთ კვალიფიციურ და წარმატებულ პედაგოგებთან მუშაობამ, როგორებიც აიშე შავაძე, მუხამედ ბათაძე, შოთა ჯიბლაძე, მურმან და ვაჟა თურმანიძეები და სხვები იყვნენ, ბევრი ასწავლა.

1991 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად იმუშავა ოლადაურის, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის, დაბა შუახევის სკოლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში ოლადაურის საშუალო სკოლის დირექტორი იყო, 2017 წლიდან კი დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორია. ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მისი დამსახურებაცაა, რომ შუახევის საჯარო სკოლას თანამედროვე სტანდარტების შენობა აქვს. სწორედ სკოლის ახალი შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სკოლის დირექტორთან.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

წლებია პუბლიცისტი და ჟურნალისტი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი ოთარ ცინარიძე საზოგადოებრივ-რუდუნებით დარბაზ „წუთისოფელი ასეა“ უძღვება. მისი სტუმრები აჭარის მთიანეთში მომუშავე წარმატებული პიროვნებები არიან. ამჯერად დარბაზმა მზია გოგაძე მიიწვია.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ როცა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება განაახლა, შუახეველი პედაგოგებიდან მზიას პირველს ერგო ეს წოდება. ამავე სკოლის ვეტერანი პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

დაბა შუახევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. ლიზა პაქსაძემ ჯერ 100- პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, ახლა კი სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ უნივერსიტეტშია მიწვეული. სკოლაში მენტორი, სერტიფიცირებული პედაგოგები მუშაობენ. ყოველი წარმატება კი სკოლის ხელმძღვანელის უნარიან მუშაობას მიეწერება, რაზეც კიდეც ისაუბრეს დარბაზობაზე სიტყვით გამოსულმა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მისმა მოადგილე თენგიზ ივანაძემ, შუახევის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ, დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე), შუახევის სკოლის პედაგოგებმა თეიმურაზ დავითაძემ, ლია ქამადაძემ.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

დარბაზის სტუმარმა კონკრეტული და ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ კითხვებს და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. მზია გოგაძის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოწყობილი იყო ფოტოგამოფენა, შეკრებილებმა ნახეს პედაგოგების ლია ქამადაძის და ივერი მუკუტაძის მიერ მომზადებული ვიდეოფილმი.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

– ჩემი 34-წლიანი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის გზაზე ეს დღე გამორჩეულია. გამომსვლელების გულთბილი სიტყვები იმის დასტურია, რომ საზოგადოება გაწეულ შრომას მიფასებს და უყურადღებოდ არ მტოვებს, – თქვა მზია გოგაძემ.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *