„დასამალი არაფერი არ არის“ – ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე  
By

„დასამალი არაფერი არ არის“ – ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე  

მე ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს. . . გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს, დასამალი იქ არაფერი არ არის. ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება მე საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ან ასე მოხდა ან ისე“, – განუცხადა ჟურნალისტებს  ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, თუ რა ხდება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით.   პრემიერ-მინისტრის თქმით,  მისი გუნდის წევრ  ყოფილ მაღალჩინოსანთან,  პირადი კომუნიკაცია არ აქვს.  „მუდმივ რეჟიმში ვინტერესდები თორნიკეს ჯანმრთელობით და მიხარია, რომ ის არის ჯანმრთელად. პირადად არ ვაწუხებ თორნიკეს, როცა იქნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, პირადადაც დიდი ინტერესით მოვიკითხავ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ ინტერესს, ესაა, რომ თორნიკე იყოს ჯანმრთელად და მუდმივად ვინტერესდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნდება საქართველოში და დიდი სიხარულით შევხდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე თითქმის ერთი თვეა, რაც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება.  7 ივლისს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.  რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიყვანის შემდეგ, ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით; რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა. 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით. ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.  უკვე 9 ივლისს, დილით, საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.   „უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები ვიყავით. როგორც ვმეგობრობდით, ისე ვმეგობრობთ. მოვიკითხე ბევრჯერ, თუმცა პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს ტელეფონი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. გუნდის წევრებისგან ვიცი. ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას, მდინარაძის თქმით, როდესაც გამოძიება დასრულდება, განცხადებას, სავარაუდოდ, თავად პროკურატურა გააკეთებს.

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *