
დასუფთავების როლი – ტურისტულ სერვისში
17-18 ივნისს, ბათუმში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები ჩატარდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ღონისძიებაზე, რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომლისთვის პრაქტიკული მასტერკლასების ორგანიზებას, დისკუსიასა და სფეროს სიახლეების გაცნობას გეგმავს.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმობა დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებს. მეორე დღეს კი დასუფთავება-დალაგების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია წამახალისებელი, საჩვენებელი სატრენინგო შოუების ორგანიზება. კერძოდ, 50-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, კონკურსის ფარგლებში, ინდივიდუალურად მოახდენს საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირებას ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე.