19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
და მოხატავენ ქუჩებს თავისუფლების ფერით!
By

და მოხატავენ ქუჩებს თავისუფლების ფერით!

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

ყოველთვის, როცა უკეთეს მომავალზე, უკეთეს ბათუმზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით, მიზანსწრაფულობით, ბრძოლის ჟინით უნდა შეძლონ მოჯადოებული წრის გარღვევა და, ერთხელ და სამუდამოდ, საბჭოური მენტალობის უგულებელყოფით, ახალი სიტყვის თქმა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს კულტურა თუ სპორტი. მხოლოდ ჩარჩოებისგან გათავისუფლებულ ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან, ააშენონ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, რომლის ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება – იყოს ის, ვინც თავად უნდა, რომ იყოს. დღეს გაზეთ „აჭარის“ მკითხველს უფრო ახლოს გავაცნობთ ახალგაზრდას, რომლის ფიქრიც მრავალფეროვნებისკენ სწრაფვაა, რომელსაც სურს, იცხოვროს უკეთეს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ნიჭი დაფასებულია, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ, იპოვონ საკუთარი თავი იმ საქმეში, რომელიც ფინანსურ სარგებელთან ერთად, სიამოვნებას მიანიჭებთ. დამეთანხმებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ფუფუნებაა, აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. იოსებ ჯორბენაძეს, იგივე ჯოზეფს, ქუჩის მხატვარს, ბათუმელები ძალიან კარგად იცნობენ. მისი არაერთი ნახატი ამშვენებს ჩვენს ქალაქს. როგორც ამბობს, ქუჩის მხატვრობა ის მიმართულებაა, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, თავისი სათქმელი ბევრად მკაფიოდ და მასშტაბურად, ყველას გასაგონად გადმოეცა. ჰოდა, ისიც ხატავს და ჰყვება ამბავს, რომელიც ხან ადამიანებში მელიისადმი კეთილგანწყობის განცდის გაჩენას ისახავს მიზნად, ხან კიდევ თავის ძალიან პირად ემოციებს უტოვებს კედლებს, რომლებიც ბევრჯერ გამოსცადა ერთგულებაში. ყოველთვის უნდოდა ბაბუის სახელი ბოლომდე გაემართლებინა, მრავალმხრივ ნიჭიერი კაცის, რომელზე ამბებიც მხოლოდ ლეგენდად ჩაესმოდა პატარაობიდანვე.

-იყო ქუჩის მხატვარი, ნიშნავს, შეგეძლოს ყველა იმ ადამიანის ფიქრში მოგზაურობა, რომელიც ერთხელ მაინც გაივლის შენს მოხატულ კედელთან და დაფიქრდება. . . .

-ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ქუჩის მხატვრობა იყო ის, რაც მომანიჭებდა უდიდეს ბედნიერებას. მიხარია, რომ არც შევმცდარვარ – ეს არის თვითგამოხატვის უდიდესი შესაძლებლობა, სადაც თავს არასდროს გრძნობ მარტო. ქუჩაში ხატვა იმდენად დიდი თერაპიაა ჩემთვის, არც კი ვიცი, სხვა, ამაზე კარგი რა უნდა მეკეთებინა. შენს ნამუშევარს როცა ყველა ხედავს და აფასებს, უფლება არ გაქვს შეცდომის, ან რამე ისეთი მესიჯის დატოვების, რაც შესაძლოა ცუდად აისახოს თუნდაც ერთ ადამიანზე. თავიდან ბოლომდე უნდა გქონდეს გააზრებული ნახატის შინაარსი, გულწრფელი უნდა იყო, სხვაგვარად ვერ შეგიყვარებენ, ვერ გენდობიან.

-თქვენი ყველა ნამუშევარი თითქოს სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ამავდროულად, არის უდიდესი კავშირი მათ შორის. . . .

-სასიამოვნოა, როცა მიუხედავად ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის ნახატისა, ადამიანები გრძნობენ შენს ხელწერას, ცნობენ შენს სათქმელს. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი მთავარი სატკივარი არის ბუნება, ბუნებაზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემები. ასევე, ძალიან მიყვარს ცხოველების გამოსახვა, მაგალითად, მხატვრობაში მთელი სერია მივუძღვენი მელას, რომელზეც ბავშვობიდან შთაგვაგონეს, რომ ძალიან გაიძვერა, ეშმაკი და ცუდია, რასაც საერთოდ არ ვეთანხმები. ის, რასაც ხშირად სკოლის სახელმძღვანელოებიდან თუ კლასგარეშე ლიტერატურიდან გვასწავლიდნენ და გვიკითხავდნენ, ვფიქრობ, არასწორია, სტერეოტიპულია. სწორედ ამიტომ, ჩემს მხატვრობაში მელაკუდა სიმართლისთვის ვამუშავე, მივეცი საშუალება, ხან რომელი კედლიდან გამოეჭყიტა, ხან – რომელი და ხელში დაჭერილი ბანერით ეთქვა ადამიანებისთვის, რომ მცდარია მათი წარმოდგენა მასზე და მის მეგობრებზე.

-განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობთ მშობლიურ ქალაქზე, მაინც, როგორია თქვენი წილი ბათუმი?

-ბათუმი ის ქალაქია, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც მინდა, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, დავბერდე და გარდავიცვალო. ამ პატარა ქალაქს უდიდესი პოტენციალი, რესურსი და ლავირების საშუალება აქვს. ჩვენ, ახალგაზრდებმა ბოლომდე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩავდოთ მთელი ძალისხმევა იმაში, რომ ბათუმი ყველა დროს და ყველა ასპარეზზე თავის ღირსეულ სიტყვას ამბობდეს. ჩვენ, ბათუმელი ახალგაზრდები, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს ბევრი სიკეთის მოტანა შეგვიძლია მშობლიური ქალაქისათვის.

-ხელოვან ადამიანებს ხშირად აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც განმარტოვდებიან ხოლმე, რათა მოახერხონ იდეების მობილიზება, ან უბრალოდ, მორიგი ნამუშევრის დაბადებაზე იფიქრონ. . .

-ბოლო დროს ძალიან ჰარმონიულად ვარ საკუთარ თავთან, ხშირად დამყავს ის სასეირნოდ. შეიძლება, მარტო მჯდომი მიხილოთ კაფეში, კინოთეატრში, სანაპიროზე, სასიამოვნო განცდაა, როცა მარტო ხარ, თან არ ხარ მარტო, რადგან ირგვლივ შეიძლება, ყველაფერთან გქონდეს დიალოგი. ბავშვობაში ერთი სასწაული ადგილი აღმოვაჩინე, ეს არის ძველი აკვარიუმის შენობის სახურავი, საიდანაც საზღვაო აკადემია, ტბა, ზღვა, მთვარე და ვარსკვლავები ჩანდა და საათობით შემეძლო მეცქირა. ახლა არ ვიცი, რა ხდება იქ, დიდი ხანია, არ ავმძვრალვარ და ვფიქრობ, დრო დადგა, ვესტუმრო ადგილს, რომელიც მავსებს უდიდესი ენერგიით.

– შავი ფერი. . .

-არ ვიცი, რატომ, მაგრამ დიახ, შავი არის ის ფერი, რომლითაც ყველა ნახატს ვიწყებ და ვასრულებ. შავი ფერის გამოყენების გარეშე ფიზიკურად ნახატს ვერ ვხატავ.

-არაერთ პროექტში ხართ ჩართული, მოგვიყევით მათ შესახებ.

-მინდა საუბარი დავიწყო პროექტით „არტ კვარტალი“, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით წელს უკვე მეორედ გაიმართა. პროექტში ახალგაზრდა მხატვრები არიან ჩართულნი, რომლებიც ქმნიან ახალ ნამუშევრებს. რაც შეეხება ჩემს მეორე პროექტს, გასულ წელს გამოცხადებულ კონკურსში „შენი იდეა ბათუმს“ პირველი ადგილი აიღო და ის ქუჩის ხელოვნების მოძრაობის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც „ბაფიტის“ სახელით არის ცნობილი. ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე ფერადი ფესტივალი, რაც აჭარაში გაკეთებულა. ძალიან ბევრი უბნის კედლები მოიხატება სხვადასხვა თემატიკაზე, რაშიც ბათუმური სული, ხასიათი და ბუნება უფრო მეტად წარმოჩინდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 27, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *