„დედაქალაქის, თბილისელების სამსახურში ყოფნა დიდი ნდობა, გამოცდა და პასუხისმგებლობაა“
უკვე ისტორიის კუთვნილებაა 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დედაქალაქის მესამედ არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის პირველ სხდომაზე, მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა. ითქვა, რომ კახა აბულაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობისას მრავალი პროექტი და პროგრამა განახორციელა (კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა). ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. „წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ, ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს თბილისისა და თბილისელების სამსახურში ყოფნა. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა აჭარიდან დიდ პროფესიულ და კარიერულ წარმატებას აღწევს და მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა დედაქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების მართვასა და მოგვარებაზე. „აჭარამ“ ბატონ კახასთან სახელდახელო ინტერვიუ ჩაწერა:
– ბატონო კახა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ხართ აჭარის მთიანეთიდან, ვისაც ამხელა ნდობა გამოგიცხადეს დედაქალაქში… ელოდით თბილისის მერის მოადგილედ თქვენს წარდგენას?
– მოგესალმებით თქვენ და თქვენს მკითხველს დიდი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ბევრად ადრე ვიყავი ჩართული ახალგაზრდული პროგრამების მართვის მიმართულებით და აღნიშნულ სისტემას კარგად ვიცნობდი, თავიდანვე გავიაზრე ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემს დანიშვნას. პროფესიით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი გახლავართ და ამავე მიმართულებით ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას, შესაბამისად, განათლების სისტემის იმ სეგმენტში, რომელიც სკოლამდელი განათლების სისტემის სახით არის წარმოდგენილი, საკუთარი ძალების მოსინჯვა დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევად მივიღე. ეს ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა, სადაც რამდენიმე სხვადასხვა სპეციფიკის სამუშაო ერთიანი მართვის ქვეშ არის მოქცეული – ეს გახლავთ 190 საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრირება, განათლების, ადამიანური რესურსების, პერსონალის პროფესიული განვითარების, უდიდესი ინფრასტრუქტურის მოვლა-განვითარების, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის, კვებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპონენტები და ამ ყველაფერთან ერთად, უწყვეტი პროცესია ახალი სტანდარტების დანერგვა, ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტირება, რის გარეშეც სისტემა, უბრალოდ, ვერ აუწყობს ფეხს თანამედროვე სამყაროს რიტმს. მოხარული ვარ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საინტერესო და პროდუქტიული სამუშაო განვახორციელე სააგენტოსა და მერიის უძლიერეს და კომპეტენტურ გუნდთან ერთად, თუმცა განსაკუთრებით ემოციურია, რომ ეს ძალისხმევა უყურადღებოდ არ რჩება, რაც არაერთხელ ვიგრძენი არა მხოლოდ სკოლამდელი განათლების სისტემის წარმომადგენლების, არამედ აღსაზრდელთა მშობლების მხრიდანაც. რაც შეეხება სიახლეს, გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა, რომ ვინმეს კარიერული წინსვლა არ ახარებს, თუმცა თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე ჩემი წარდგენა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.
– ამ ნდობას, თუნდაც გამოწვევას რით უპასუხებთ?
– ისეთ პიროვნებასთან მუშაობა, როგორიც ბატონი კახა კალაძეა, ერთდროულად საპატიოცაა და საპასუხისმგებლოც. ეს გახლავთ მერი, რომელმაც სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა დედაქალაქის მერიის მუშაობის სტანდარტი. დაგროვებული უზარმაზარი გამოცდილებით, ბატონი კახა არის ეფექტური მენეჯერი და აქვს კონკრეტული გეგმა ყველა მიმართულებით, რომელიც თბილისს კიდევ უფრო ძლიერ ქალაქად აქცევს. იყო დედაქალაქის მესამედ არჩეული მერის გუნდის წევრი, თავისთავად გაკისრებს ვალდებულებას თითოეული ამომრჩევლის, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქის წინაშე. მთავრობის სხდომაზე ბატონმა კახამ მოადგილის თანამდებობაზე რომ წარმადგინა, იმ წუთიდან კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი პირადი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე. დედაქალაქის, თბილისელების სამსახურში ყოფნა დიდი ნდობა, გამოცდა და პასუხისმგებლობაა, რასაც თავდაუზოგავი მუშაობით ვუპასუხებ.
– სახელმწიფო სამსახურისადმი თქვენი ასეთი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება შემთხვევითი არ არის. აჭარაში ყველასათვის ცნობილია ის დიდი ღვაწლი, რაც თქვენს წინაპრებს მიუძღვით რეგიონის წინაშე. ინტერესმოკლებული არ იქნება მათი დამსახურების გახსენება . . .
– მადლობას გიხდით ასეთი შეფასებისთვის. ჩვენი ოჯახი ხულოს რაიონის უძველეს და ისტორიულ სოფელ ვაშლოვანიდან გახლავთ. ხშირად არ მიწევს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ბებია ეთერ აბულაძე და ბაბუა წარმატებული ადამიანები იყვნენ. დედასამშობლოსთან დაბრუნებულ აჭარაში ქალის როლი და ავტორიტეტი დაკნინებული იყო და ჩემი ბებია, თავის თანამოაზრე ქალბატონებთან ერთად, წარსულის მანკიერებას ხმამაღლა დაუპირისპირდა. იგი იყო ხულოს ქალთა პედაგოგიური სასწავლებლის პირველი დირექტორი, ასევე, ადგილობრივი ხულოელი ქალებიდან პირველად არჩეული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. წლების განმავლობაში საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა ხულოს რაიონის თვითმმართველობაში. ბაბუა კი ექიმი იყო და ათწლეულების განმავლობაში ემსახურა ჯანდაცვის სისტემას. დედის მშობლებიც თაობების აღზრდა-განათლების სამსახურში იყვნენ – ბაბუა სკოლის დირექტორი იყო, ბებია – მასწავლებელი. ქვეყნისა და მშობლიური კუთხის სამსახურში არიან ჩემი მშობლებიც. მამა საჯარო მოსამსახურეა, დედა კი დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორი.
– ახლა უკვე ადვილი მისახვედრია, თუ რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი თავის დროზე. ამჯერად, მერის მოადგილის პოზიციაზე, რა სფეროები იქნება თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ?
– მოხარული ვარ, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი ისევ დიდ ადგილს დაიჭერს ჩემს სამსახურებრივ ყოველდღიურობაში. სკოლამდელი განათლების სისტემა კვლავ დარჩება ჩემი სამუშაო სფერო, ასევე, ჩავერთვები დედაქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოგვარებასა და რაიონული გამგეობების წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრაში. უპირობოდ მჯერა, რომ ყველა მიზანი, რომელსაც დავისახავთ ბატონ კახა კალაძესთან ერთად, ეფექტიანად შესრულდება. დაინიცირდება ახალი პროექტები და საინტერესო პროგრამები, რაც მორგებული იქნება თბილისელთა საჭიროებებზე. მთელი ჩემი ძალისხმევა, კოლეგებთან ერთად, მიმართული იქნება იმ მიზნისკენ, რომ თბილისი იყოს თანამედროვე, კომფორტული ევროპული დედაქალაქი, ამავდროულად, შენარჩუნდეს მისი ავთენტური ხასიათი და მეტად განვითარდეს ინფრასტრუქტურა.
– მშობლიური აჭარა, ხულო რა ადგილს დაიჭერს თქვენს საქმიანობაში?
– დაუვიწყარია ის სიკეთე, რაც სკოლამ, მასწავლებლებმა, ბავშვობის მეგობრებმა თუ უბრალოდ, ნაცნობებმა გაიღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ადრეულ ეტაპზე. საქართველოს ბევრ ხიბლ შორის ერთ-ერთი ხომ ნამდვილად არის ჩვენიანის სხვანაირი სიყვარული, განსაკუთრებული ზრუნვა და ხმამაღალი გულშემატკივრობა, როცა ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის თანადგომით სულდგმულობს. მახარებს ის წარმატებული პროექტები, რაც ბოლო წლებში ხულოში და საერთოდ, აჭარაში ხორციელდება. ზღვისპირეთი და მთა არასდროს ყოფილა ერთმანეთთან ისე მჭიდროდ დაკავშირებული, როგორც – ახლა. ბევრი ინფრასტრუქტურული სიახლე აქვს აჭარას და დარწმუნებული ვარ, მისი ცნობადობა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე კვლავაც გაიზრდება. ბოლოს, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, საუკუნეზე მეტი ასაკის გაზეთ „აჭარას“ ასეთი ყურადღებისთვის და გულთბილი საუბრისთვის. მიგულეთ თქვენ გვერდით.
ოთარ ცინარიძე