დედისა და ქალთა დღესასწაულები – აჭარის მთიანეთში
დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
***
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე ხანდაზმულთა კლუბის წევრებს შეხვდა და დღესასწაული მიულოცა. ქალბატონებს მიესალმნენ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნაზიმ ჩხეიძე. ხანდაზმულთა კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე ღვაწლმოსილ და ხანდაზმულ დედებს ესტუმრა და დღესასწაული მიულოცა. ქალბატონ ნაზიკო საფარიძეს 5 შვილი, 12 შვილიშვილი, 14 შვილთაშვილი ჰყავს, ქალბატონ ემსილე თურმანიძეს – 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი, ქალბატონ ჟუჟუნა ვერძაძეს – 4 შვილი, 7 შვილიშვილი, 10 შვილთაშვილი. ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ და კიდევ 65 ღვაწლმოსილ და ხანდაზმულ ქალბატონს ფასიანი საჩუქრები გადასცა. მერთან ერთად ქალბატონები მოინახულეს მერიის განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ, ქედის საკრებულოს წევრმა ლევან ვერძაძემ და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა.
დანდალოს სასოფლო კულტურის სახლში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და სასოფლო კლუბების ანსამბლები მონაწილეობდნენ.
დანდალოში გამართულ კონცერტს ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
****
შუახევში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის დარბაზში გაიმართა. აქ შეკრებილ დედებს, საზოგადოების წარმომადგენლებს დედისა და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ.
შუახევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების „ნაის“, „ჭვანას“, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის ანსამბლ „ათინათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა დაბა შუახევის საჯარო სკოლამ. დედებს, მოწვეულ ღვაწლმოსილ პედაგოგ ქალბატონებს დღესასწაულები მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ, შუახევის რესურსცენტრის სპეციალისტმა ირაკლი დავითაძემ, შუახევის სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.
***
კვირეულის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქალბატონებს შეხვედრა მოუწყვეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მათ გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. საჩუქრები გადასცეს, ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სპეციალური საჭიროების მქონე ქალბატონებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
***
საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ოჯახში ეწვია და დედის დღე მიულოცა თავის მასწავლებელ ნაზი ნიჟარაძეს.
ოთარ ცინარიძე
გალერეა




