
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გუდავას უფროსი ქალიშვილი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ,,მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი, რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან“, – წერს თამარ გუდავა.
5 მარტს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა პირმა ნარკოტიკი გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე მოათავსა, შემდეგ კი თავად მოიხმარა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ზედოზირებით დაიღუპა,
,,საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანa და მდინარის პირას ე.წ. ლოკაციებზე განათავსა. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. ლოკაციებიდან ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.