
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს. დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათი ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.