დიმიტრი ხუნდაძე ავტოგანბაჟების ცვლილებაზე – მაღალი ტარიფი ავტოპარკის განახლებას ვერ შეუწყობს ხელს
By

დიმიტრი ხუნდაძე ავტოგანბაჟების ცვლილებაზე – მაღალი ტარიფი ავტოპარკის განახლებას ვერ შეუწყობს ხელს

პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასურის ზრდას ითვალისწინებს. ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საკითხი შეაფასა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ყურადღება შესაძლო სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებზე გაამახვილა. მისი განცხადებით: „სატარიფო გადასახადი იმდენად მაღალია, რომ ეს არ არის შემზღუდავი მექანიზმი, ეს არის ამკრძალავი მექანიზმი. შეზღუდვა უნდა იყოს, რათა ავტოპარკის გაუმჯობესება წავახალისოთ, მაგრამ როდესაც ტარიფი აკრძალვის ეფექტს ქმნის, საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ შეძლებს შედარებით ახალი ავტომობილის შეძენას. შედეგად, ძველი ავტოპარკი უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მივიღებთ მის კიდევ უფრო აქტიურ დაბერებას. ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეს ვითარებას ვერ გააუმჯობესებს, პირიქით, გააუარესებს“- აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, პრობლემის გადაწყვეტისთვის მხოლოდ ასაკობრივი კრიტერიუმი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი, გასაძლიერებელია ტექნიკური ინსპექტირების მექანიზმიც. „თუ მანქანა ტექნიკურად გამართულია, რატომ უნდა აიკრძალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკს გადააჭარბა?“ – აღნიშნა მან.
ხუნდაძემ ასევე მიუთითა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეექსპორტზე და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზეც, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად განვითარებულია. მისი შეფასებით, კანონპროექტი ავტოპარკის განახლებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას სრულად ვერ მოემსახურება.

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *