
დონალდ ტრამპი – ისინი ჯერ მზად არ არიან, მაგრამ რაღაც მოხდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ…
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დახმარებას კვლავ განაგრძობს და დასძინა, რომ ყურადღებით აკვირდება ზელენსკისა და პუტინის ქცევებს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობდი, რომ რუსეთთან დაკავშირებით პრობლემა ადვილი იქნებოდა იმათგან, რომლებთანაც აქამდე შეხება მქონია. როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით, რთული აღმოჩნდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა განმარტა, მას აქვს საკუთარი მიდგომა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ლიდერების ერთ ოთახში შეკრებას და მათგან შეთანხმების ადგილზევე დადების მოთხოვნას რეალურ დროში.
დონალდ ტრამპის თქმით, ამ პროცესს თავადვე ხელმძღვანელობს და არ ტოვებს მოლაპარაკებებს, ვიდრე კონკრეტული შედეგი არ მიიღწევა. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ეს მეთოდი მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ძალიან ეფექტურია.
„ვაკვირდები, ვხედავ და ამაზე ვსაუბრობ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. რაღაც მოხდება, მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან. მაგრამ რაღაც მოხდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.