
დონალდ ტრამპი: ღაზაში ომს დავასრულებთ
„ღაზაში ომს დავასრულებთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღაზის სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენ გვსურს, ღაზაში ომი დასრულდეს და მას დავასრულებთ, რაც შეიძლება ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო“.
შეხვედრას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერები ესწრებოდნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
საინტერესო იყო ტრამპის კიდევ ერთი განცხადება, რომელმაც გააოცა მსოფლიო. მისი თქმით, შესაძლოა პირადად ჩაერიოს, რათა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.
კერძოდ, ტრამპმა უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე ზეწოლას, რათა მან შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.
ის ჩემი მეგობარია. მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს (რუსული ნავთობის შესყიდვა) და ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი“, – განაცხადა ტრამპმა.