
დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, პარლამენტმა დადგენილების პროექტი მიიღო
პარლამენტმა 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“. დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
„ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის დასკვნის წარდგენისას.
„საერთო ჯამში, 1999 წლიდან დღემდე, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საქმეზე, რომელთაგან დაახლოებით, 80% (227 საქმე) ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში, ყველაზე ხშირად დადგენილია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და საკუთრების დაცვა. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დარღვეული უფლებების გამო, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ დაეკისრა, ჯამში დაახლოებით, 2 029 743 ევროს გადახდა, როგორც მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის, ისე ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დასკვნაში აღწერილ, საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობასა“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება. მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდნენ ნებისმიერ პირს მსხვერპლად, ადამიანზე ძალადობის წყურვილის დაკმაყოფილების მიზნით.
„აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წამოიწყო აბსურდული ბრალდებებით დაკავებების ტალღა და სასტიკი ანგარიშსწორება მათ მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იცავდა საქართველოს ან იმ პირების მიმართ, ვინც შეესწრო საომარ ანდა ომის შემდგომ ვითარებას და რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.