„დღეს ევროპის უსაფრთხოების ხაზი სწორედ უკრაინაზე გადის“
By

„დღეს ევროპის უსაფრთხოების ხაზი სწორედ უკრაინაზე გადის“

დღესდღეობით უკრაინაში (ევროპის და, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით) გადამწყვეტი პროცესები მიმდინარეობს. უკვე თითქმის მეოთხე წელია, ეს ქვეყანა გააფთრებით იგერიებს რუსულ აგრესიას, არადა, უკრაინელების გარდა, თითქმის არავის სჯეროდა, რომ უკრაინა შეძლებდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. თამამად შეიძლება ითქვას, უკრაინის არმიამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავება აგრესორთან, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდა, გაათავისუფლა დაპყრობილი ტერიტორიები და წარმატებით ბომბავს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთმა შეიტანა როგორც შეიარაღების, ისე სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების თვალსაზრისით. ომის რა ფაზაა ამჟამად უკრაინაში, რას ცხადყოფს ტრამპის გზავნილები კრემლის მიმართ, რა გამოწვევები და შესაძლებლობები იქმნება საქართველოსთვის? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია POlitico Europe – ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
როგორ შეაფასებდით უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, რა ძირითადი ცვლილებები მოხდა?
უკრაინაში ომის მესამე წლისთვის, სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ გარკვეული ცვლილებები აშკარად ჩანს. პირველ რიგში, უკრაინამ შეძლო, შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა და საერთაშორისო მხარდაჭერა, განსაკუთრებით დასავლეთისგან, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. სამხედრო ასპექტების გარდა, რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია წარმატებით მიმდინარეობს, დასავლური სამყაროს ჩართულობა და ერთობა კი ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია. ომი უკვე გამოფიტვის ფაზაში გადავიდა, რაც ორივე მხარისთვის მძიმეა. ასევე, აღსანიშნავია უკრაინის მიერ დრონების გამოყენება, რამაც სრულიად შეცვალა ვითარება. ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შეტევებმა რუსეთში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია. ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ, რუსეთი ცდილობს, ეკონომიკური ურთიერთობები მეტად გააღრმავოს ინდოეთსა და ჩინეთთან, რათა ნაწილობრივ დააბალანსოს ზეწოლა და შეინარჩუნოს ომის საწარმოო შესაძლებლობები.
ამჟამად ვის ხელშია ინიციატივა და რომელ ფაზაშია კონფლიქტი?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონკრეტული პასუხის გაცემა ამ კითხვაზე ცოტა რთულია, ვინაიდან ომი ამჟამად გამოფიტვის ფაზაში გადავიდა. რუსეთი არ თმობს თავის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს და აგრძელებს მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ფრონტზე სამხედრო წინსვლა რაიმე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაპოვრით არ შეინიშნება.  უკრაინა უფრო აქტიურად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც, გარკვეულწილად, ზეწოლას ახდენს რუსეთის შიდა სისტემაზე. მათი ეს სტრატეგია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლის ელემენტიცაა – აჩვენოს, რომ რუსული ტერიტორიაც დაუცველი შეიძლება იყოს.
როგორია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მიზნები უკრაინაში ამ ეტაპზე?
– რუსეთის ამჟამინდელი მიზნები სამხედრო ფრონტზე პოზიციების გამყარება და უკრაინის ძალების გამოფიტვაა, ხოლო პოლიტიკურად – უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის იძულება და დასავლეთთან ინტეგრაციის შეჩერება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინის დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური კურსის განეიტრალება.
კრემლი აქტიურად ცდილობს ევროპაში ერთგვარი შიშის დათესვას, ამისათვის კი იყენებს ჩვეულ პოლიტიკას. ნატოს ქვეყნებში „გაურკვეველი დრონების“ გამოჩენა და პანიკის დათესვა, რა თქმა უნდა, კრემლის ხელწერაა. ასევე, მათი გეოპოლიტიკური მიზანია დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება და სამხრეთ უკრაინას სტრატეგიული ზოლის შენარჩუნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს ქაღალდის ვეფხვი უწოდა, როგორ გავიგოთ ეს რიტორიკა?
– დონალდ ტრამპის რიტორიკის ცვლილება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სრულიად ლოგიკური და პროგნოზირებადია. ბოლო პერიოდში რუსეთი წინ ვერ მიიწევს. მათ თითქმის ვერცერთ პოლიტიკურ-სამხედრო მიზანს ვერ მიაღწიეს, რომელიც საწყის პერიოდში ჰქონდათ დასახული:
1) უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
2) საგარეო ვექტორის სრული გაკონტროლება (მათ შორის ევროინტეგრაციის);
3) დონბასის რეგიონის სრული გაკონტროლება, რათა შემდეგ მარტივად შეძლოს სხვა ტერიტორიების ექსპანსია;
4) რუსეთის მიერ ნებისმიერი უკრაინული იარაღის წარმოების პროცესის გაკონტროლება და დაბლოკვის შესაძლებლობა.
ამერიკის ადმინისტრაციის გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ისინი მალევე მიხვდნენ, რომ რუსეთთან ტრადიციული მოლაპარაკებები არ ჭრის და ფსონი რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციაზე დადეს უკრაინის მაქსიმალური შეიარაღების ფონზე. ამ ყველაფერს მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის რიტორიკის ცვლილებაც დაერთო, რაც რუსეთზე მაქსიმალური წნეხის გაძლიერებასა და საერთაშორისო არენაზე მათი ძლიერების მითის ეჭვქვეშ დაყენებაზე მიუთითებს.
,,უკრაინას ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერით შეუძლია ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც ამ ომის დაწყებამდე აკონტროლებდა“, – ტრამპის ამ განცხადებაზე, რას იტყვით?
– დონალდ ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ კონტინენტური ევროპა და ევროკავშირი ამერიკას ერთხმად აჰყვებიან პოლიტიკურ თამაშში და მეორად სანქციებს დაუწესებენ ინდოეთსა და ჩინეთს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გამო. ასევე, მათ უარი უნდა თქვან რუსეთისგან ბუნებრივი აირისა და ნავთობის შესყიდვაზე, რასაც უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციები აფერხებს. მსგავსი გზით, მეტად სავარაუდოა რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და ე.წ. ომის მანქანის დაფინანსება, რისი ირიბი შედეგიც ფრონტის ხაზის რადიკალური ცვლილება და ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნების შანსია, რასაც უკრაინა ომამდე აკონტროლებდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველად, სწორედ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა G7 Summit-ზე დაუყენა გარკვეული პირობები ევროპის ქვეყნებს, დაიწყონ გაყინული რუსული აქტივების ხარჯვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა, რასაც უმალვე მოჰყვა ამ მხრივ ევროპის გააქტიურება.
რა უპირატესობას ან რისკს წარმოშობს ტომაჰაკის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის?
– ტომაჰავკის მიწოდება უკრაინისთვის არის ორმაგი მახვილი. ერთი მხრივ, ეს აძლიერებს უკრაინის თავდაცვით და დარტყმით შესაძლებლობებს, განსაკუთრებით – შორ მანძილზე, რაც ნიშნავს, რომ რუსული ლოგისტიკური ხაზები და საბრძოლო ინფრასტრუქტურა აღარ არის უსაფრთხო არც ოკუპირებულ ზონებში, არც რუსეთის საზღვართან ახლოს, მათ შორის არც მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. ეს არის სიგნალი, რომ დასავლეთი აღარ აპირებს მხოლოდ თავდაცვით მხარდაჭერას, არამედ გადადის უფრო აქტიურ ეტაპზე. მეორე მხრივ, რუსეთი, ცხადია, ტომაჰავკის მიწოდებას სათავისოდ გამოიყენებს, შეეცდება წარმოაჩინოს, რომ ეს უკვე კრიტიკულად წითელი ზღვარია და მათ მოუწევთ ამ მხარდაჭერის ფასის გადახდა. უკვე ვხედავთ, როგორ იყენებს მოსკოვი ევროპაში შეღწეულ დრონებსა და ტექნიკურ ინციდენტებს როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებას, ცდილობს, მესამე მსოფლიო ომის ნარატივით ევროპის მოსახლეობაში პოლიტიკური შიში გააღვივოს, თუმცა ეს რეალური სამხედრო ნაბიჯი არ არის. ამრიგად, ტომაჰავკის მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით არის game changer, ხოლო პოლიტიკურად – ნატოს მოთმინებისა და დიპლომატიური ბალანსის ტესტი.
ამუშავდება თუ არა რუსეთის მიმართ მეორეული სანქციები, რომელიც აშშ-მ დაანონსა?
– დიახ, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში, ეტაპობრივად ამუშავდება. როგორც ვიცით, ნოემბრის დასაწყისში ტრამპის ადმინისტაცია ჩინეთს დამატებით 100%-იან ტარიფებს დაუწესებს, რაც ამ ყველაფრის პირდაპირი გამოძახილია. ჩინეთი ყველაზე აქტიურად ეხმარება რუსეთს და ამ ომის დაფინანსებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ევროკავშირში, სადაც ყველაზე რთულია რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ბიუროკრატიული რეგულაციების გვერდის ავლით, შეინიშნება დადებითი პროცესები. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ვიქტორ ორბანის გარეშე, კენჭი უყარონ დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მხარი აუბან ამერიკის ინიციატივას. გარდა ამისა, ამერიკის სენატს კვლავ შემორჩა ე.წ. ჯოკერი – სენატორ ლინდსი გრემის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია 500%-იანი ტარიფების დაწესება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც აგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ენერგორესურსების – ნავთობისა და გაზის შესყიდვას. ამ ინიციატივის მიზანი არა მხოლოდ ფინანსური ზეწოლაა, არამედ რუსული შემოსავლების გლობალური სისტემიდან იზოლაციაც, რაც დასავლეთის ეკონომიკური ბერკეტების ახალ ეტაპს წარმოაჩენს.
რა არის უკრაინის და ევროპის უსაფრთხოება ევროპული გადასახედიდან?
– დღეს ევროპის უსაფრთხოების ხაზი სწორედ უკრაინაზე გადის, 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური ცენტრი ევროპის აღმოსავლეთ ფრონტზეა, სადაც არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ დასავლური ღირებულებები, ფასეულობები და სტაბილურობის თვითშენარჩუნება დევს სასწორზე. უკრაინა ახლა არა მხოლოდ საზღვარია, არამედ ტესტია ევროპისთვის: შეძლებს თუ არა კონტინენტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ძალებს, რომლებიც ცდილობენ, შეცვალონ წესები და გადახედონ მთელ უსაფრთხოების მექანიზმს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთ ევროპის, სკანდინავიის ქვეყნები – დანია, ნორვეგია და შვედეთი. მათი ხვედრითი წილი და სამხედრო დახმარება კოლოსალურად დიდია უკრაინასთან მიმართებაში. სრულად აქვთ გააზრებული, რომ უკრაინის დამარცხება დომინოს პრინციპით გამოიწვევს უსაფრთხოების მექანიზმის ჩამოშლას და აღმოსავლეთ ევროპის შემდეგ მათი ჯერი დადგება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ამას წინათ განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ქმედებებისთვის, თუმცა რუსეთმა გასულ კვირას დაარღვია ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცე. თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
რუსეთი, ბოლო პერიოდში, აქტიურად ცდილობს, დატესტოს ე.წ. მეხუთე მუხლის გამოყენების პრინციპი, თუ რამდენად მზად არის ნატო, აქტიურად ჩაერთოს და ქმედითი ნაბიჯები გამოიყენოს პატარა ქვეყნების დასაცავად, რომლებიც შესაძლოა რუსეთის აგრესიის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის მაგალითი იყო პოლონეთში, ესტონეთსა და რუმინეთში დრონების ინციდენტი, რაშიც, რასაკვირველია, კრემლის ხელი ერია.
სამწუხაროდ, შესაბამისი და ქმედითი რეაგირება ამას არ მოჰყოლია, თუმცა დადებითი ისაა, რომ მათ უკვე გაიაზრეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობა და დაიწყეს აქტიური მზადება რუსეთთან პოტენციური, ფართომასშტაბიანი ომისთვის. კრემლი აცხადებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ყოველივესთან. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ეტაპზე, ეს კრემლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებაა – ცდილობს, მესამე მსოფლიო ომის ნარატივით ევროპის მოსახლეობაში შიში გააღვივოს და ხალხმა მთავრობებს აიძულოს, შეწყვიტონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
იმ კონტექსტიდან, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები და შესაძლებლობები შეიქმნება საქართველოსთვის?
– მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე ჩნდება როგორც სერიოზული გამოწვევები, ისე ახალი შესაძლებლობები. გამოწვევები, ძირითადად, უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში იკვეთება – კონფლიქტები რეგიონში, ენერგორესურსების ფასების არასტაბილურობა, რასაც თან ერთვის გეოპოლიტიკური დაძაბულობა. მეორე მხრივ, არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები: რეგიონული სტაბილურობის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების, ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნათლად გამოჩნდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია კვლავ დაინტერესებულია კავკასიის რეგიონით – მოგეხსენებათ, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში შუამავალი რგოლი მოირგო და ეს მრავალწლიანი ომი დაასრულა. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება, საქართველომ მიზნად რეგიონალური ლიდერობის პერსპექტივა დაისახოს და ამ ამბიციების რეალიზება აქტიურად გააღრმავოს საერთაშორისო არენაზე.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *