ედიშერ ჯაფარიძე: ეროვნული და რელიგიური ფასეულობები ქართველი ხალხის სულის განუყოფელი ნაწილია და მას ასე ადვილად ვერავინ ხელყოფს
By

 ედიშერ ჯაფარიძე: ეროვნული და რელიგიური ფასეულობები ქართველი ხალხის სულის განუყოფელი ნაწილია და მას ასე ადვილად ვერავინ ხელყოფს

საზოგადოება, თანამედროვე მეცნიერთა ფართო წრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტოლოგ ედიშერ ჯაფარიძეს კარგად იცნობს. იგი ჩვენი სტუმარია

– ბატონო ედიშერ, კარგად იცნობთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. როგორ აფასებთ ამ დოკუმენტს სოფლის მეურნეობის ისეთი დიდი ტრადიციების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

– საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ, სხვა მიმართულებებთან ერთად, მნიშნელოვანი როლი ითამაშა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. დღეს სოფლის მეურნეობაში წარმატებული რეფორმის საწინდარი, უმეტესწილად, უცხოური გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებაა. აღნიშული დოკუმენტი რომ არა, საქართველოში ბევრი მიმართულება, მართლაც, დავიწყებას მიეცემოდა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ამ მიმართულებით, სტარტაპების, პატარა საწარმოების, საოჯახო მეურნეობების  და ასე შემდეგ დაფინანსებითა და განვითარების წახალისებით, თუმცა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში  საქართველოში პოპულარული აღარაა სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებები, ვინაიდან ქვეყანაში რეგიონებიდან, სოფლებიდან მასობრივად მიდიან დიდ ქალაქებში, ე.წ. ადგილობრივი მუშახელი აღარაა. საილუსტრაციოდ, მკითხველის ყურადღებას სამ მიმართულებაზე შევაჩერებ, ესენია: პირველი – მევენახეობა, მსოფლიოში არსებული ვაზის 4000-მდე ჯიშიდან საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62, მათ შორის 29 – საღვინე და 9 – სუფრის; მეორე – მარცვლეული კულტურები: დღეისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, მათ შორის 14 სახეობაა საქართველოში. 5 სახეობა (მახა, კოლხური ასლი, ჩელტა ზანდური, ჰექსაპლოიდური ზანდური, დიკა) ენდემურია; მესამე – მეცხვარეობა ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე განვითარებული და მნიშვნელოვანი ფენომენი იყო. ქართული ცხვარი თავისი უნიკალური თვისებებით (მაგალითად, იმერული ცხვრის ხორცს არა აქვს სხვა ჯიშის ცხვრებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და საუკეთესო კულინარიული თვისებებით ხასიათდება. მის ტანხორცში ცხიმი განაწილებულია თანაბრად. ასევე, თუშური ცხვარი, რომელსაც ბიოცხვარს უწოდებენ), გამორჩეულია მსოფლიოში ცხვრების ჯიშებს შორის. დღეს მეცხვარეობა საქართველოში პოპულარული აღარაა და მას თითქმის აღარავინ მისდევს, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ საქართველოს, საიდანაც, ძირითადად, ექსპორტზე გადის როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ისლამურ ქვეყნებში. ამიტომ საჭიროა შესაძლებლობების ფარგლებში, გაიზარდოს ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია როგორც ცხვრის რიცხობრივი რაოდენობის ზრდით, ასევე მისი საშუალო პროდუქტიულობის გაუმჯობესებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამომხმარებლო ბაზარზე გზა ეხსნება იმპორტს, რომელიც ძვირად ღირებულია და ფაქტობრივად, მიუწვდომელია ძირითადი მომხმარებლისათვის. ამასთან, ის ხშირად დაბალი ხარისხის, ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია. სამივე მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი და რესურსი აქვს, ვინაიდან ჩვენთან მეცხვარეობას უძველესი დროიდან მისდევდნენ და ჰქონდათ საკუთარი გენოფონდი. მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებებიც გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აღიარების კუთხით, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება, რადგან ისინი ჩვენი კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან გენოფონდია.

– ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისთვის ემზადება. ასოცირების ხელშეკრულებით რამდენად დაცული იქნება ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები?

– ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პირობებში, ეს გამოწვევა მარტო საქართველოში როდია, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც დიდი თავსატეხია, თუმცა ეროვნული და რელიგიური ფასეულობები ქართველი ხალხის სულის განუყოფელი  ნაწილია და მას ასე ადვილად ვერავინ ხელყოფს.

– იმ საგანმანათლებლო კერის პროფესორი  ბრძანდებით, რომელიც საინჟინრო კადრების მომზადების ცენტრად ითვლებოდა. წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეს ფუნქცია ლამის დაკარგა. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა ამ უმაღლეს სასწავლებელთან მიმართებაში რა სიკეთეს მოიტანს?

– დღეს განათლების რეფორმა კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ეს არახალია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დამოუკიდებლობის პერიოდში ძირეული განათლების რეფორმა არ ჩატარებულა და  დღეს ეს დაგვიანებულიც კი არის. განათლების რეფორმას, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მეცნიერული საფუძველი და შესაბამისად გააზრებულიც უნდა იყოს, მეცნიერულად დასაბუთებული შინაარსი შემუშავდეს, რაც დღეს ასე არაა. განთლების რეფორმა უნდა იწყებოდეს ქვევიდან ზევით და არა პირიქით – ზევიდან ქვევით. ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმა დასაწყებია (პირველი საფეხურიდანვე) სკოლებიდან. დღეს სასკოლო პროგრამებთან (სახელმძღვანელოები) დაკავშირებით ნამდვილად მძიმე შემთხვევას ვაწყდებით. ისინი დაცლილია შინაარსისგან, ეროვნული და პატრიოტული ფასეულებობები უგულებელყოფილია, ან, უარეს შემთხვევაში, უარყოფილია. ისწავლება ისეთი მასალა, რომელიც ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ შეესაბამება. კი, ბატონო, უფასო სწავლება, ახალი ფორმების შემოღება და ფასადური ცვლილებები მიმზიდველია, მაგრამ რეფორმა უნდა დაიტვირთოს უფრო მეტი შინაარსით და ვიმედოვნებთ, რომ პროცესის მსვლელობისას დაიხვეწება, უფრო მეტ შინაარსს შეიძენს.

– რამდენად სამართლიანი იყო თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება?

– აღნიშნული ინიციატივა არანაირ სამართლიან ჩარჩოში არ ჯდება. ეს იქნებოდა ორსაუკუნოვანი უნივერსიტეტის უგულებელყოფა, საუკუნოვანი ისტორიის და მეხსიერების წაშლა, რაც დანაშაულიც კია მომავალი თაობების წინაშე. ეს უნივერსიტეტები ქართველი განმანათლებლების ისტორიული მონაპოვარია, მაშასადამე, საქართველოს სტრატეგიული უნივერსიტეტები იმ ქართველი ხალხის კუთვნილებაა, რომელიც  ამ უნივერსიტეტების სტუდენტობაა და მისი ხელყოფა დაუშვებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა  ყურადღება ორ მნიშვნელოვან ფაქტზე შევაჩერო: პირველი – გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუ იმიტომ უნდა დაბრუნდეს თსუ-ის დედაუნივერსიტეტის წიაღში, რადგან ივანე ჯავახიშვილიც თითქოს ამის მსურველი იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტი დღემდე არავის უნახავს.  შესაბამისად, ეს მოსაზრება არასწორია. უნდა აღინიშნოს, რომ პირიქით, ივანე ჯავახიშვილს სურდა ტექნიკური მიმართულებების უფრო მეტად გაძლიერება და თუ ის ცალკე ინსტიტუტად (მიმართულებად) ჩამოყალიბდებოდა, ამით ინსტიტუციურად  უფრო გაძლიერდებოდა ქვეყანაში სწავლა-განათლების საკითხი. გაერთიანების იდეა ეყრდნობოდა კიდევ ერთ ცნობილ ფაქტს – საფრანგეთში, 2018 წლის 1 იანვარს, პარიზის სორბონის და პიერ და მარია კიურების უნივერსიტეტები ოფიციალურად გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ახალი, ერთიანი სასწავლებელი, სახელწოდებით „სორბონის უნივერსიტეტი“, თუმცა ასეთი შერწყმით დღემდე ვერაა  სასურველი მიზანი მიღწეული. უნივერსიტეტების გაერთიანება ყოველთვის არაა პროგრესი, შეიძლება ამას რეგრესი მოჰყვეს, განათლების რეფორმა კი პირიქით, პროგრესს უნდა ემსახურებოდეს.

– თქვენი აზრით, ქვეყნის მასშტაბით რა დადებით შედეგს მოიტანს განათლების რეფორმა?

– განათლების რეფორმა აუცილებელია, ჩვენ მივესალმებით სწორ და შედეგზე ორიენტირებულ რეფორმას და ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაზე იგი დადებითად აისახება. ჩვენი ხსნა განათლებასა და წიგნიერებაშია.

თქვენი სადოქტორო ნაშრომით სამზეოზე გამოიტანეთ ქართველი მიგრანტის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) დამსახურება ევროკავშირის მოქმედი სტრუქტურების შექმნაში. რამდენად დაგიფასდათ ეს აღმოჩენა?

– ჩემთვის მთავარია, რომ ჩრდილში არ დარჩა მისი ღვაწლი და დღეს ყველამ (მეტ-ნაკლებად) იცის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების შექმნისა და ჩამოყალიბების სათავეებთან ქართველი მეცნიერი მიხეილ მუსხელიშვილი იყო და დღეს ევროპაში ცარიელი ხელებით კი არ შევდივართ, არამედ გარკვეული ისტორიულ-კულტურული მარაგით, რაც, თავის დროზე, ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს.

– ამ სიახლეს უცხოეთში რა გამოხმაურება მოჰყვა?

– ეს მართლაც მნიშნელოვანი სიახლე და უდიდესი მიღწევა იყო, რამაც ხელი  შეუწყო საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე  ისაუბრა მიშელ მუსხელის იმ ღვაწლზე, რომელიც მან გასწია ევროკავშირის სტრუქტურული ჩამოყალიბებისთვის. 2023 წელს პრემიერ-მინისტრი ამავე საკითხზე სიტყვით გამოვიდა ITB Berlin 2023-ის გახსნის ღონისძიებაზე, ბერლინში.

ამავე თემაზე ასევე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამოსვლა „მართლმსაჯულების სახლის’’ ორგანიზებულ კონფერენციაზე ,,ევროკავშირის დღის წესრიგი-მართლმსაჯულების რეფორმა“. აღსანიშნავია პრემიერის გამოსვლაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის დროს. მათ ვრცლად ისაუბრეს მიშელ მუსხელის როლსა და დამსახურებაზე.

– მიშელის ნათესავია ცნობილი ისტორიკოსი, ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი. მასთან რა ურთიერთობები  გაქვთ?

– მიხეილ მუსხელიშვილი იყო აკადემიკოს  დავით მუსხელიშვილის ბიძა. ბატონი დავითი უაღრესად კეთილშობილი და დიდებული პიროვნებაა, დიდი ხნის წინათ, როცა მასთან მივედი ინტერვიუს ჩასაწერად, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბატონი დავითი ჩემი რამდენიმე წიგნის რედაქტორიცაა. ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ მას.

– რა მიზანს ემსახურებოდა უცხოეთში თქვენი  შარშანდელი მივლინება?

– 2025 წლის მაისში პროფესორებთან ვაჟა შუბითიძესა და ლელა სარალიძესთან ერთად ვიმყოფებოდი სტრასბურგის უნივერსიტეტში საარქივო მასალებზე სამუშაოდ, სადაც ბევრი საინტერესო ქართული ემიგრანტული მასალა მოვიპოვეთ და აღვწერეთ კიდეც. ძალიან მალე გამოვა ერთობლივი წიგნი, რომელშიც აისახება სტრასბურგის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული,  დღემდე უცნობი მასალები.

 

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *