ევროკავშირის ახალი დოკუმენტი: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდანაც
By

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდანაც

ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი შიდა სადისკუსიო დოკუმენტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებსა და შესაძლო შეთანხმების პირობებს ეხება.
როგორც რადიო თავისუფლება (RFE/RL) წერს, დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა სამხედრო ძალები გაიყვანოს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც, მათ შორის, საქართველოდან.
RFE/RL-ის ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის, ინფორმაციით, დოკუმენტი სახელწოდებით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ მოითხოვს რუსეთის სამხედრო ყოფნის შეწყვეტას ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ თუ უკრაინას ჯარების რაოდენობის შეზღუდვა ან გარკვეული ტერიტორიებიდან გაყვანა მოეთხოვება, ანალოგიური ვალდებულებები რუსეთსაც უნდა დაეკისროს. ამასთან, საუბარია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური აღიარების დაუშვებლობაზე, რაც შეესაბამება ევროკავშირის ხანგრძლივ არაღიარების პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართაც.
გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები, დივერსიული მოქმედებები და არჩევნებში ჩარევა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, დოკუმენტი უკვე გაუზიარა წევრ სახელმწიფოებს და მისი განხილვა შესაძლოა 23 თებერვალს ბრიუსელში გაიმართოს.
მიუხედავად იმისა, ევროკავშირი ოფიციალურად არ მონაწილეობს ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კონტინენტზე მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელია „ევროკავშირის გარეშე და მისი ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.

  • No Comments
  • თებერვალი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *