ევროკავშირის გაფართოების ანგარიში – პოლიტიკური შეფასებები
როგორ გაგრძელდება უმწვავესი ანგარიშის შემდეგ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა – რამდენიმე დღეა, ვნებათაღელვა არ ცხრება გაფართოების ანგარიშის გარშემო, რომელშიც საქართველოს, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ცუდი შეფასება აქვს.
ოპოზიციის ნაწილი, დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, უვიზო რეჟიმის გადახედვას ელოდება და კრიტიკული ჩანაწერების პასუხად ხელისუფლებას ბრიუსელის მოწოდებების შესრულებას სთხოვს. თავის მხრივ, ბრიუსელს ფაქტების დამახინჯებასა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს მმართველი გუნდი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ხელისუფლების შეცვლის ბერკეტად იყენებს. ანგარიში, რომელშიც ბოლო ერთ წელში კანდიდატ ქვეყნებში მიღწეული პროგრესია შეფასებული, საქართველოს შესახებ მკვეთრად ნეგატიურ გზავნილებს მოიცავს. ბრიუსელი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს, ფაქტობრივად, შეჩერებულად აცხადებს და ხელისუფლებას პროცესის გასაგრძელებლად რამდენიმე პირობას უყენებს. მოთხოვნებს შორის ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმებაა.
ევროკომისიამ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წლის ევროკავშირის საბჭოს დასკვნის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა და ვითარება მკვეთრად გაუარესდა. პრესრელიზის თანახმად, ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„2024 წელს ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა. მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა გამოიხატა კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი, ხელშესახები ძალისხმევა გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც მხარდაჭერილია პარტიებს შორის თანამშრომლობითა და სამოქალაქო ჩართულობით, ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ და საქართველოს უკუსვლის გათვალისწინებით, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“,- ვკითხულობთ პრესრელიზში.
ამავდროულად, გამოქვეყნებულ პრესრელიზში შეფასებულია, ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი. „ევროკომისიამ მიიღო ყოველწლიური გაფართოების პაკეტი, რომელშიც წარმოდგენილია გაფართოების პარტნიორების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ყოვლისმომცველი შეფასება. წლევანდელი პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოების იმპულსი ევროკავშირის პრიორიტეტულ დღის წესრიგში მაღალია. ის, ასევე, ადასტურებს, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების გაწევრიანება სულ უფრო და უფრო ახლოსაა“, – წერია პრესრელიზში.
ევროკომისიის შეფასებით, ეს წინსვლა სარგებელს მოუტანს როგორც წევრობის მსურველ სახელმწიფოებს, ასევე, ევროკავშირის ამჟამინდელ წევრებს, რაც ხელს უწყობს კეთილდღეობას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამავდროულად, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, როგორებიცაა სტრატეგიული ინვესტიციები და ერთიანი ბაზრის გახსნა.
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ანგარიშში ასახული მიგნებები საქართველოს ხელისუფლებისთვის „გამოსაფხიზლებელი სიგნალია“. მისი განცხადებით, მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა შეუსრულებლობამ ქვეყანას შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის დაკარგვაც კი შეუქმნას საფრთხედ. ევროკომისიის დასკვნას ყოფილი დიპლომატებიც გამოეხმაურნენ ერთობლივი განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ „ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს“.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ზეწოლა და შანტაჟი შედეგს ვერ მოიტანს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველო არ ჩაიქნევს ხელს და გააგრძელებს ევროკავშირის წევრობისთვის მზადებას“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.
„გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე შეფასებით, ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. „ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს, გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ შეფასებებთან ერთად არიან ევროპარლამენტში კომისიის წევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეცვალა, რაც საქართველო ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას არ მიჰყვა. „როდესაც კომისია საქართველოს პროგრესის ნელ ტემპზე საუბრობს, ეს კავშირშია კომისიის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებასთან, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას არ მიჰყვა, ვინაიდან არ შეეძლო ღრმა ეკონომიკური პრობლემების რისკზე წასულიყო, ევროკავშირმა კი ამის შემდეგ შეცვალა საქართველოსადმი დამოკიდებულება. „ასე დავიწყეთ ევროკავშირიდან არასამართლიანი მიდგომა საქართველოს მიმართ. იმის თქმა, რომ მთავრობა პრორუსია მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ არ გარისკა ქვეყნის უსაფრთხოება, არის მართლაც საშინელება და უსამართლობა. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი ვყოფილიყავი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა. ევროკავშირმა ვერ გაიგო მიზეზები და საქართველოს რეალობა, სრული სურათი და დაიწყო უსამართლო ზეწოლა. ვწუხვარ, რომ ქართულ ოპოზიციას ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ასაზრდოებდა, რომ არ შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, სიტუაციის დარეგულირების შანსი ახლა გადის ოპოზიციაზეც, რათა ისინი დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, დაუბრუნდნენ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან და მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა.