19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ევროკავშირის სიფრთხილემ არ უნდა გაგვაკვირვოს
By

ევროკავშირის სიფრთხილემ არ უნდა გაგვაკვირვოს

ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –

მსოფლიოში რამდენიმე აქტორია, რომლებიც საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურ ამინდს ქმნიან: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი. ისინი, რა თქმა უნდა, ერთმანეთის კონკურენტები არიან, ცდილობენ გავლენის სფეროების განვრცობას და განმტკიცებას, რასაც გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებიც ცხადყოფს. ევროკავშირზე ვისაუბროთ, რადგან, ჯერ ერთი, ამ ორგანიზაციის შექმნიდან 68 წელი გავიდა და მეორეც, იგი კეთილდღეობის და დემოკრატიის სინონიმად იქცა. ამიტომაც ესწრაფვის ჩვენი ქვეყანა ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას, აქ ჩნდება კითხვები: არის თუ არა ევროკავშირი გლობალური ლიდერი? რომელი სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას? ახდენს თუ არა რუსეთი გავლენას ევროკავშირის ქვეყნებზე და რას მოიცავს ევროპული ფასეულობები? ამ კითხვებით პოლიტოლოგ გელა ირემაძეს მივმართეთ.

– დღესდღეობით რას წარმოადგენს ევროკავშირი?

– საერთაშორისო პოლიტიკაში ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, იგი სტაბილურობის და კეთილდღეობის სინონიმად იქცა. იგი შერეული ორგანიზაციაა, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული გაერთიანება, რადგან მასში გაწევრიანებულია როგორც სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ჩემი აზრით, მის განსაკუთრებულობას წარმოაჩენს. აქვე მინდა დავძინო, რომ ევროკავშირმა არსებობის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევები დაძლია და ახლაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით გაართმევს თავს.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროკავშირი გლობალური აქტორია, მაგრამ ბრიტანეთის გასვლამ ამ ორგანიზაციიდან რა დაღი დაასვა ევროკავშირის პრესტიჟს?

– მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, იგი გლობალურ პოლიტიკაში მაინც ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

– რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

– ევროკავშირი შეესაბამება იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო აქტორი. კერძოდ, მას წევრი სახელმწიფოებისგან საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე ლეგიტიმურობა აქვს, ეფექტურად შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა საერთაშორისო აქტორებთან და შესაბამისად, ამისთვის შესაბამის ინსტრუმენტებს და საშუალებებებს ფლობს, თუმცა საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის ლიდერობის ამბიცია საეჭვოა დაკმაყოფილდეს აშშ-სა და ნატოსთან კავშირის გარეშე. გარდა ამისა, მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ევროკავშირში გვყავს ძველი, ტრადიციულად, ძლიერი მოთამაშეები და ასევე, ევროპული სახელმწიფოები. ისინი, ხშირად, ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებენ საგარეო ფაქტორებზე, აქ, რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამ რუსულ ფაქტორს, რადგან ასეთი სახელმწიფოები (გერმანია, საფრანგეთი) არიან გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოთამაშეები და იძულებულნი ხდებიან ბევრ ფაქტორს, მათ შორის რუსეთისას, გაუწიონ ანგარიში. ამიტომ ჩვენთან დაკავშირებით მათი პოლიტიკა ხშირად გაურკვეველია. ეს არ უნდა გაგვიკვირედს, რადგან ამ გაურკვევლობას მათთვის საგარეო, საერთაშორისო ფაქტორები ქმნის. . . რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ თუ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მოხდება, ეს პროგრესული მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის – დააჩქარებს საქართველოს განვითარებას, თუმცა რამდენად რეალურია ეს უახლოეს მომავალში, ამას დრო უფრო გასცემს პასუხს, ვიდრე კონკრეტული ადამიანი.

– რომელი სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გაფართოებას და რა არის ამის მიზეზი?

– ძირითადად, მაინც გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ეკონომიკურ ლოკომოტივს წარმოადგენენ ევროკავშირში, ისინი კარგად აცნობიერებენ მათ ღვაწლს და შენატანებს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას, ევროპას გაფართოებასთან ერთად გაეზრდება ხარჯები დადააწვება მათ, ამიტომ ფიქრობენ, რომ მეტი ტვირთის აკიდება არ ღირს. მთელ მსოფლიოშია ლეგენდები ევროპასთან დაკავშირებით, რომ ის არის ოაზისი და ამიტომაც ყველას სურს მასთან გაერთიანება, მაგრამ არის პრობლემა: ევროპას აფრთხობს მიგრაციის საკითხი, თუმცა ხელს ვერ დაიბანენ, რადგან მათთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვა. როგორც ცნობილია, ევროკავშირში შემავალმა ქვეყნებმა ათიათასობით სირიელი ემიგრანტი დააბინავეს, მაგრამ უფრო მეტი მიგრანტი რომ არ მიაწყდეს, ევროკავშირი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანას დაეხმაროს წარმატებული სახელმწიფოს შექმნაში.

– არის მოსაზრება, რომ ევროკავშირი არაოფიციალურად, რუსეთის გავლენას განიცდის, რას იტყვით ამაზე?

-ასე კითხვის დასმა არამართებულია, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ზესახელმწიფოები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ. რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებს თავის ენერგორესურსებს, სამხედრო პოტენციალს, თანაც რუსული ბაზარი მომგებიანია დასავლეთისთვის, თუმცა ცდილობენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით მისი ეკონომიკა მოარყიონ.

– ძალიან მოზომილი და არაამოცნობადი სანქციებია დაწესებული, რომლებიც არ აძლევს საშუალებას რუსეთს, გააცნობიეროს, რა უნდა გააკეთოს მათი მოხსნისთვის. ამ სანქციებმა, გარკვეულწილად, გაამართლა.. .

– ევროკავშირი რამდენად თანმიმდევრულად ცდილობს აღმოსავლეთით გაფართოებას?

– ევროკავშირმა დაადასტურა, რომ თანმიმდევრულად მიემართება დასახული მიზნისკენ – გაიფართოოს გავლენის სფეროები. მაგალითად, როგორც გაცხადდა, მომავალ წელს ევროკავშირში სერბეთს მიიღებენ, ყოველ შემთხვევაში, ამაზე განაცხადი სერბეთმა უკვე გააკეთა.

– ძალიანაც კარგი, თუ სერბეთს მიიღებენ ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი რუსულ გავლენის სფეროებს ამ სივრცეში არ ცნობს, მაგრამ აქ საკითხავია, რამდენად პრინციპული იქნება ევროკავშირი ჩვენთან მიმართებით?

– ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან და არსებული სამხედრო პოლიტიკური სიტუაცია ხელისშემშლელი ფაქტორია დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, რადგან ევროკავშირი და ნატო სენსიტიური სტრუქტურებია, ანუ თუკი პრეტენდენტ სახელმწიფოში არსებობს მსგავსი პრობლემები, დაახლოებას არ ჩქარობენ. ამ მხრივ სამხრეთ კავკასია გამორჩეულია, გვაქვს გაყინული კონფლიქტები, სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება როგორც საქართველო-რუსეთის, ასევე ყარაბახის პრობლემის კუთხით, რომლის ამასწინდელმა ომმა ათასობათ ადამიანი შეიწირა. . . გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანად არღვევს რეგიონში სტაბილურობას, ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტორები ნამდვილად ახდენს გავლენას ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა თუ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ანუ თუ არ წამოვეგებით კრემლის პროვაკაციებს და დემოკრატიის კუთხით დასავლეთს პრეტენზიები არ ექნება საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ ევროპის კარი ჩვენთვის აუცილებლად გაიღება.

– არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი მანამდე ვერ გახდება ქვეყანა, სანამ ნატოში არ გაერთიანდება. რამდენად სწორია საკითხის ასე დასმა?

– არა, საკითხი ასე არ დგას. ისე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ჯერ მართლაც ნატოში გაერთიანდნენ, შემდეგ კი ევროკავშირში. ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ითხოვს პოლიტიკურ ქმედებებში იმ სტანდარტების დანერგვას, რომლებიც, ასევე, შედის ევროკავშირის მოთხოვნებში. ესენია: ადამიანის უფლებების დაცვა, საარჩევნო სისტემის რეგულირება, მრავალპარტიული ხელისუფლების არსებობა, გამოხატვის თავისუფლება და ა. შ. ამ მიმართებით ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს დასავლურ სტანდარტებთან დასაახლოებლად.

– ცხადია, ევროპასთან დასაახლოებლად ევროპული ფასეულობების დაცვა მოგვიწევს, რას მოიცავს იგი?

– კარგი კითხვაა, „ევროპული ფასეულობები” ფართო ხასიათისაა, მათ შორის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ადამიანის თავისუფლების, ეთნიკური უმცირესობების დაცვას და ა. შ. გარდა ამისა, ევროპული ფასეულობები ასევე გულისხმობს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივი სოლიდარობის საფუძველზე, საბოლოოდ – კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამიტომაც აირჩია ჩვენმა ქვეყანამ დასავლური კურსი, სადაც ქვეყნების სუვერენიტეტს უზრუნველყოფენ, რისი მაგალითიცაა იქ არსებული რეალობა.

– და ბოლოს, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირზე და მით უფრო ნატოს უსაფრთხოების ქოლგაზე უკეთესი დამცავი სისტემა თუ არსებობს მსოფლიოში?

– ჩემთვის უცნობია საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ევროატლანტიკურ ორგანიზაციებზე ( ევროკავშირი, ნატო) უკეთესად უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, ამიტომაც ჩვენმა ქვეყანამ აქტიური პროდასავლური კურსი აქტიურად უნდა გააგრძელოს, რათა საქართველოს სახელმწიფო არ გახდეს მორიგი რუსული აგრესიის მსხვერპლი.

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *