
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მისივე განმარტებით, მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს.
კალასის ცნობით, ასევე, სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.
„პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება“, – აღნიშნავს კალასი.
ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.
„აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის ნავთობის უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ომის გახანგრძლივებასა და ტერორის გავრცელებას თავისი ფასი აქვს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას. მისი თქმით, ეს სრულიად სამართლიანი და დამსახურებული ნაბიჯია.
„სწორედ რუსეთზე ზეწოლა იქნება ეფექტური გზა მშვიდობის მისაღწევად და სანქციები ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ძლიერი და საჭირო ნაბიჯია, რომ აგრესია პასუხის გარეშე არ დარჩება. მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
„პირველად მიზანში ვიღებთ რუსეთის ბუნებრივი აირის სექტორს – მისი სამხედრო ეკონომიკის საფუძველს. არ შევჩერდებით, ვიდრე უკრაინელი ხალხი სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მიაღწევს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.