
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა
ევროსაბჭოს პრესრელიზის თანახმად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის შეფასების მიზნით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლებების პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), რომლებსაც თან ახლავთ ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.
დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.