
ევროსაბჭოში ხვალ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, ასამბლეა ძალიან წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
„დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის ტექსტში, სადაც ასევეა საუბარი საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და ამ მხრივ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.
„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.