
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
უნგრეთის დედაქალაქში 13 ივნისს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში და 14 ივნისს ქართულ სპორტში ახალი ისტორია დაიწერა. ბუდაპეშტის ტატამი ფეხბედნიერი გამოდგა ქართველი ძიუდოისტი ქალისთვის – ეთერ ლიპარტელიანი (57 კილოგრამი წონითი კატეგორია) პირველად საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე მან სამხრეთ კორეელ ჯუ კიმის, რუსეთის წარმომადგენელ დარია კურბანმამადოვას (ის ნეიტრალური დროშით გამოდის), ფინელ ოილა სალონენს, თურქმენ მაისა პარდაიევას სძლია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ყველა ბრძოლა იპონით მოიგო.
– მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ისინი მთელი დღის განმავლობაში მამხნევებდნენ. ძალიან მინდოდა ბუდაპეშტში ქართული ჰიმნის აჟღერება. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ფედერაციას, ყველა გვეხმარებოდა. ამ ოქროს მედლის მოპოვება ძალიან მინდოდა. როცა ფინალში გავედი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, მეორე ადგილს დავჯერდებოდი. მინდოდა, საქართველო მესახელებინა, გულშემატკივარი გამეხარებინა. მადლობა ღმერთს, რომ ეს გამომივიდა, – თქვა ბრძოლის დასრულების შემდეგ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ეთერ ლიპარტელიანმა.
ეთერ ლიპარტელიანი 1999 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ლენტეხში. ის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, ჭაბუკებს შორის კი ევროპის ჩემპიონი, ასევე, ჭაბუკებს შორის ევროპის თასის მფლობელია.
ვულოცავთ ეთერს ამ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.
მანანა ძიძიშვილი