ეკატერინე გურგენიძე – „მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი“
By

ეკატერინე გურგენიძე – „მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი“

ჩვენი სტუმარია მოცეკვავე-მსახიობი და მოყვარული მომღერალი ეკატერინე გურგენიძე, რომელიც ენვერ ხაბაძის სახელობის აკადემიურ სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმში“ ცეკვავს. პარალელურად ქორეოგრაფად მუშაობს საკუთარ ბრენდ-სტუდია „ცეკვათერაპიაში“ და წმინდა მატათა მოციქულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში. მისი შემოქმედება მხოლოდ ცეკვით არ შემოიფარგლება, იგი გიტარაზე უკრავს, რესტორნებში მღერის და საავტორო მუსიკაც აქვს დაწერილი.
ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში იგრძნო, რომ ცეკვა მისი მთავარი გზაა, რომელიც ოთხი წლის ასაკში სცენაზე პირველი გამოსვლით დაიწყო. იგი დღემდე არ კარგავს იმ პირველ ემოციას, მაყურებლის ოვაციებით გაჯერებულს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მათ შორის პოპულარულ პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობა, მისთვის არა მხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენის შესაძლებლობაც გახდა.

– ეკატერინე, პირველად როდის იგრძენით, რომ ცეკვა შეიძლება თქვენი მთავარი გზა გამხდარიყო?
– იქიდან გამომდინარე, რომ მამა მოცეკვავეა და ხელოვანების  ოჯახიდან ვარ, საკმაოდ ღრმა ბავშვობაში გამიჩნდა სურვილი, ცხოვრების გზა ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. დედა მიყვება, რომ ორსულობის დროსაც დოლ-გარმონის ხმა ჩამესმოდა მუცელში და უცნაურად  არავის მოსჩვენებია, რომ საკმაოდ პატარა ასაკში გამიჩნდა ცეკვის სურვილი.
ყველაზე მეტად ვინ შეგიწყოთ ხელი ცეკვის დაწყებაში?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც ამ გზაზე წამახალისა და დამეხმარა, იყო მამა, რომელიც სუხიშვილების სოლისტი გახლდათ, დაახლოებით, 13-14 წელი. არაერთ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ცეკვავდა და ბავშვობიდან ჩამინერგა არა მარტო ცეკვის, ზოგადად, ხელოვნების მიმართ სიყვარული.
გახსოვთ თქვენი პირველი გამოსვლა სცენაზე და რა ემოციები დაგრჩათ იმ დღიდან?
– პირველი კონცერტი, როცა სცენაზე კოსტიუმით, გრიმით და მთელი არსებით გამოვედი, 4 წლის ასაკში მქონდა. შეიძლება ყველაფერი დეტალურად არ მახსოვდეს, მაგრამ ის ემოციური კადრები ძალიან კარგად მახსოვს, როცა გამოაცხადეს, რომ სცენაზე 4 წლის დებიუტანტი ეკატერინე გურგენიძე გამოდისო.  პატარა ვიყავი, მაგრამ დარბაზში მჯდომი ხალხის ოვაციები დღემდე არ მავიწყდება. დღესაც იშვიათია, 4 წლის ბავშვი ცეკვავდეს. მახსოვს, როგორი უდარდელი და ბედნიერი ვიყავი, ხევსურული დავუარე და მაყურებლის ის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. თავდაპირველად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ვცეკვავდი მამასთან, შემდეგ უკვე ასაკის მიხედვით გავაგრძელე გზა პროფესიონალურად.

როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება შოუშიცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობამ?
– ამ პროექტმა, ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ჩემთვის სიახლე იყო, რადგან ქართული ცეკვის გარდა სხვა სტილის ცეკვები არასდროს მიცდია და რატომღაც არც სურვილი მქონია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუყურებდი კლასიკას, ასევე, ლათინს, სამეჯლისოს, თითქმის ყველა სტილის ცეკვას, რადგან განვითარებისთვის ესეც საჭიროა, მაგრამ მე თვითონ, პრაქტიკაში, არ გამომიცდია. ამ პროექტის შემდეგ, ვფიქრობ, საკუთარი თავი, საერთოდ, სხვა რაკურსით დავინახე და ეს მოცეკვავისთვის და ზოგადად, ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რომელი ნომერი იყო თქვენთვის ყველაზე რთული და რატომ?
– ვფიქრობ, ქონთენფორარი, რადგან შესრულების საერთოდ სხვა ტექნიკაა საჭირო და ემოციაც ცალკე როლს თამაშობს სხეულთან ერთად. ურთულესი იყო, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე.
გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დაგკლდათ, თუმცა ღირსეული მესამე ადგილი დაიკავეთ. . . რას გრნობდით იმ მომენტში სცენაზე?
– რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველასთვის სასურველი იყო – არა მარტო ფინალის იმ სამი მონაწილისთვის, არამედ, თერთმეტივესთვის. ძალიან ბევრი ვიშრომე და შედეგიც, შესაბამისად, ფინალამდე მისვლა იყო. ვფიქრობ, ფინალისტობაც ძალიან ღირსეულია. რას ვიზამთ, ყველაფერი – ცუდიც, კარგიც, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან დიდ გამოცდილებად გვრჩება და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი.
რა ისწავლეთ ამ პროექტში, რაც დღემდე გეხმარებათ პროფესიაში?
– სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვენი მსაჯები ეკითხებოდნენ ერთმანეთს – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსკურსებში ბევრი ეტაპის გადალახვისა და გამარჯვებისთვის. ერთ-ერთი მსაჯი პასუხობდა, რომ მნიშვნელოვანია სულიერი სიძლიერე.  ვფიქრობ, ეს ისედაც არ მაკლდა, მაგრამ, ასე ვთქვათ, უფრო მაღალ ხარისხში ავიდა და სწორედ, ეს მომცა ამ პროექტმა, ასევე, ის დიდი გამოცდილება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს სჭირდება და მომავალშიც ძალიან დამეხმარება. ეს, ერთი შეხედვით, ბრჭყვიალა შოუ ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული და ამასაც გავუმკლავდი, რაც ძალიან მახარებს.

სოციალურ ქსელში წერდით, რომ თქვენი პრიზები, გარკვეულწილად, გააკრიტიკეს და სიცილის საგნადაც კი აქციეს. . . შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ მოგებული თანხა წმინდა თეკლას მონასტრისთვის გადაგერიცხათ და საჩუქრებიც სხვებისთვის გაგენაწილებინათ ეს გადაწყვეტილება უფრო პასუხი იყო კრიტიკაზე თუ თქვენი შინაგანი მოთხოვნილება?
– რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო, რომ გამენაწილებინა საჩუქრები. გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პირველივე ტურიდან ვფიქრობდი, რომ გარკვეულ პრიზებს ისედაც დავარიგებდი. მსგავსი ტიპის პროექტში რომ იღებ მონაწილეობას, პირველივე ეტაპზე ავტომატურად გიჩნდება ბრძოლისუნარიანობა და მაქსიმალურს აკეთებ შენი თავდაუზოგავი შრომით, რომ ბოლომდე მიხვიდე. გაკვეთილები და რეპეტიციები ღამის 12-ზე, 1-ზე, დილის 4-ზე, 5-ზეც კი გვქონდა, ყველანაირად არეული მქონდა ცხოვრება და ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა მხოლოდ – არა გამარჯვება, არამედ ის, რომ ღირსეულად დამეტოვებინა პროექტი. ხალხისგან ნამდვილად მოჰყვა დიდი კრიტიკა ჩემს პრიზებს – „ეს გოგო ამას არ იმსახურებდა“, „ძალიან სასაცილო პრიზებია“ და ასე შემდეგ. . . სამწუხაროდ, შიდა სამზარეულოში ეს თემა სიცილის საგნად აქციეს, რასაც ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვება იქნებოდა ეს, თუ მეორე ადგილი, მაინც ასე მოვიქცეოდი.
მღერით და გიტარაზეც უკრავთ. . . როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მუსიკასთან, ცეკვიდან წამოვიდა ამის სურვილი თუ ბავშვობიდან მღეროდით?
– სიმღერა ჩემს ცხოვრებაში გარდატეხის ასაკიდან შემოვიდა. ჩემს ოჯახში ბებოც და ბაბუც მღეროდნენ და ცეკვასთან ერთად, აღმოჩნდა, თურმე სიმღერაც შემძლებია. გიტარაზე დაკვრის შესწავლა კოვიდის დროს დავიწყე. მოგეხსენებათ, მაშინ ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და რაღაცით რომ გამერთო თავი, გიტარა ავიღე, იქნებ გამომივიდეს-მეთქი. შემდეგ ტიკ-ტოკზე საქველმოქმედო ლაივები გვქონდა, რამაც ძალიან კარგად იმუშავა და საზოგადოებისგან ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა ამ ამბავს. რომ გითხრათ, ჯიმი ჰენდრიქსივით ვუკრავ-მეთქი, მოგატყუებთ (იცინის), თუმცა სამოყვარულო დონეზე ნამდვილად შევისწავლე. 14-15 წლიდან ვმღერი და ისე შემაყვარა თავი სიმღერამ, დღემდე ვერ ვანებებ თავს. ვმღერი რესტორნებში, სასტუმროებში, კორპორატიულ საღამოებს ვულამაზებ ხალხს და ასე შემდეგ.
თქვენი საავტორო მუსიკის შექმნის პროცესზე გვიამბეთ. . .
– ჩემი საავტორი მუსიკა ახალ წელზეა, რომლის შექმნის იდეა ძალიან სწრაფად გაჩნდა. ერთხელაც ხელში გიტარა ავიღე, რამდენიმე აკორდი დავუკარი, ერთმანეთს ძალიან მოვუხდინე აკორდები, თბილი სიმღერა გამოდიოდა და მომინდა, რომ ასეთივე ტექსტი ჰქონოდა. პოეტმა, ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა გენრი დოლიძემ დამიწერა ტექსტი და შევქმენით ლამაზი და ტკბილი სიმღერა ახალ წელზე. უკვე 3-4 წელი გავიდა მას მერე და ძალიან მიხარია, როცა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ხალხი ამ სიმღერის მოსმენას იწყებს. მანქანებიდან, სახლებიდან, რესტორნებიდან, ყველა მხრიდან შენი სიმღერა რომ ჩაგესმის, ძალიან სიამოვნებს ყურს და ბედნიერდები.
ქორეოგრაფი ხართ. . . როგორია პატარებისთვის ქართული ცეკვის სწავლების პროცესი?
– დიახ, მაქვს საკუთარი ბრენდ-სტუდია „ცეკვათერაპია“, სადაც, დაახლოებით, 145 მოსწავლე მყავს. უნიჭიერესები, ულამაზესები და ძალიან მონდომებულები არიან. შესანიშნავად აქვთ გააზრებული ყველაფერი და კარგად არიან ადაპტირებული სტუდიაში. ისეთი ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული, გაგაოცებთ, ერთმანეთის პატივისცემა, უდიდესი პასუხისმგებლობა ახასიათებთ და ყველანაირ წესს იცავენ, რაც ქართულ ცეკვას სჭირდება. ასევე, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ვასწავლი. ვთვლი, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იაროს ქართულ ცეკვაზე.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა ქართული ცეკვა ადრეული ასაკიდან შეიყვარონ?
– ქართული ცეკვა არის დისციპლინა, პასუხისმგებლობა, ურთიერთობა, ჩამოყალიბება, ღირებულებების დაფასება, გრძნობა, ემოცია, სიყვარული. . .  მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვთქვა. თუ ბავშვი პროფესიონალურად არ გაჰყვება ქართულ ცეკვას, ვთვლი, რომ გარკვეული პერიოდი მაინც უნდა იაროს, რადგან შინაგანი კულტურა უყალიბდება, საერთოდ სხვანაირად იზრდება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართულის მოცეკვავეს ქალაქში სწორად, მუხლებში გამართულს შეუძლია სიარული და დგომიც გამორჩეული აქვს, კიდევ ძალიან ბევრს სწავლობს. კარგი მოცეკვავე თუ დადგება, მთლად უკეთესი – ეს საქმე თუ გიყვარს, მთელი ცხოვრება შეგიძლია იბედნიერო და ისიამოვნო.
რა განსხვავებაა ქართული და ლათინური ცეკვების ენერგეტიკასა და ტექნიკაში?
– გარდა იმისა, რომ ქართულსა და ლათინში სხვადასხვა კუნთი მუშაობს და საერთოდ, სხვა სტილისტიკა და მანერაა, ტემპერამენტიც განსხვავებულია. ქართულ ცეკვას თავისი ხიბლი აქვს, გრძნობები შედარებით მოთოკილია, რადგან თავის ჩარჩოებში და ტრადიციებში ზის. სწორედ აქედან გამომდინარე, ამის გათვალისწინებით უნდა გაიტანო ყველაფერი სცენაზე. ლათინური ცეკვები კი მეტად, მკაფიოდ გამომხატველია, უფრო ტემპერამენტიანი და ცეცხლოვანი. რა თქმა უნდა, ორივე საინტერესოა.
რა გეგმები გაქვთ?
– კონკრეტული სამომავლო გეგმა არ მაქვს. როგორც პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან დადებითად დამამახსოვრდა, ძალიან დიდი, თან კარგი და ტკბილი კვალი დატოვა, ასევე შეიძლება ხვალაც რაღაც გამოჩნდეს, ჯერჯერობით კი ცხოვრების დინებას მივყვები. ვაკეთებ ჩემს საქმეს ძალიან დიდი სიყვარულით, ვგრძნობ ბათუმელების, და არა მარტო, სიყვარულს, რაც ყველაზე მეტად მაძლიერებს და ვიქნები ყოველთვის მათი სიყვარულით სავსე. მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი ცეკვა-სიმღერით და დადებითი ემოციებით ავავსო ადამიანები, რაც დღევანდელობაში ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *