ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრება დაურეგისტრირეს
ბათუმის იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე დაესწრო.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, წელს უსაფრთხო საცხოვრებელი 34-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა. ამ მიმართულებით, ჯამში, 8 მილიონ 500 00 ლარია გამოყოფილი.
განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენოს საცხოვრებელი სახლი.
წელს პროგრამით 170 ოჯახი ისარგებლებს. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ.