ელისო ბოლქვაძე: ბევრი ამბიციური გეგმა მაქვს
By

ელისო ბოლქვაძე: ბევრი ამბიციური გეგმა მაქვს

რამდენიმე თვეა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. დღეს იგი ჩვენი გაზეთის მკითხველს, თავისი ახალი პოსტიდან გამომდინარე, გამოწვევებსა და გარკვეულწილად, თავის ცხოვრებაზეც ესაუბრება.

– პოეტის ოჯახში დავიბადე. ბავშვობიდან ხელოვანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მამაჩემს დიდი სამეგობრო ჰყავდა. ძალიან ახლო კავშირები გვქონდა აჭარასთან, აქაურ პოეტებსა და მწერლებთან. ზაფხულს სულ აჭარაში ვატარებდი. ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები უკავშირდება ამ რეგიონს, ბათუმს, ბუმბერაზი ხელოვანების შეკრებებს, ინტელექტუალურ მსჯელობებს, საუბრებს ლიტერატურაზე, პოეზიაზე, ქვეყნის სიყვარულზე. გავიზარდე ფასეულობებზე, ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულ სამსახურს მასწავლიდა. მაშინ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჯერ პარლამენტიდან, შემდეგ კი მინისტრის პოზიციიდან მომიწევდა ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობა ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც მივიღე და მთელი გულით ვემსახურები ჩემს ქვეყანას – საქართველოს. ვფიქრობ, როგორც ხელოვანის გამოცდილება, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი მაქვს, დადებითად აისახება სამინისტროს საქმიანობაზე და გუნდთან ერთად ქვეყნისთვის, რეგიონისთვის მრავალ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ.
4 წლის განმავლობაში ერთობ პრესტიჟული კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. დაგვისახელეთ ის კანონები, რომლებიც თქვენი კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული?
– გამოვყოფ რამდენიმე მიმართულებას. საქართველოს პარლამენტში დავიწყეთ სახელოვნებო განათლების კანონის პროექტის დამუშავება კულტურის სამინისტროსთან ერთად, ჩავატარეთ მნიშვნელოვანი კვლევები სახელოვნებო ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო კულტურული დიპლომატიის გაძლიერება. კომიტეტმა გააფორმა მემორანდუმები აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოების კულტურის კომიტეტებთან, რომელთა მოქმედება დღემდე გრძელდება.
ცნობილი მამის ოჯახში აღზრდილ გოგონას, მისი ავტორიტეტი როგორ წაგადგათ?
– მამის ავტორიტეტს დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ზემოთაც აღვნიშნე და განვმეორდები, რომ სწორედ მისგან, მისი მეგობრებისგან ვისწავლე შრომისმოყვარეობა, ქვეყნის სიყვარული, რაც ჩემი პიროვნული და პროფესიული ჩამოყალიბების საყრდენად იქცა.
აქვეყნო ცნობილ პიანისტს, პროზასა და პოეზიასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
– პოეზია ყოველთვის დიდი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში. ლექსი და მუსიკალური ნაწარმოები არსებითად ჰგავს ერთმანეთს, ორივეს რიტმი და ჰარმონია გააჩნია. პოეზია ისეთივე მუსიკალურია, როგორც მელოდია. ზოგჯერ სიტყვა უფრო მძლავრ ემოციას გამოხატავს, ვიდრე ნოტები და პირიქით.
საკუთარი ლექსი თუ დაგიწერიათ?
– ჯერჯერობით, არა…
როგორია აჭარის ახალი სამინისტროს პირველი მინისტრის ხედვები რეგიონში კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით?
– უახლოესი მნიშვნელოვანი გეგმებია სამუსიკო საპილოტე სკოლის შექმნა, ახალი სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბება, არსებული სახალხო დღესასწაულების განვითარება, ახალგაზრდული და სოციალური პროექტების შემუშავება. ბევრი ამბიციური გეგმა მაქვს.

ჩემი, როგორც მინისტრის ხედვაა, კულტურა იყოს ხელმისაწვდომი ყველა სოფელში, ქალაქში, ყველა დასახლებულ პუნქტში, თითოეულ ოჯახში. სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მთაში კულტურის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა სახელოვნებო სკოლებში, რაც ახალგაზრდებს მეტად განვითარებისა და პროფესიული ზრდის, გლობალურ სივრცეში ინტეგრირების ფართო შესაძლებლობებს მისცემს. საჭიროა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ჩამოყალიბება, სახელოვნებო განათლების პლატფორმების გაძლიერება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ხელოვანების ხელშეწყობა, სპეციალისტების გადამზადება. ბევრი ამოცანები გვაქვს და მჯერა, შედეგებს აუცილებლად ნახავს და იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა.
საინტერესო და შინაარსიანი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები წამოიწყეთ. როგორ ითვალისწინებთ საზოგადოებრივ აზრს?
– სამინისტროს გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს მოსახლეობის საჭიროებებს, რასაც მუნიციპალიტეტებში ადგილზე გასვლით ვეცნობით. ბევრი იდეა, რომელიც სამინისტრომ სამომავლო გეგმებში ასახა, სწორედ მუნიციპალიტეტებში კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და სახელოვნებო საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს განხილული საკითხებია. ვგეგმავთ, მომავალშიც გავაგრძელოთ მსგავსი ინტერაქტიული შეხვედრები.
ეროვნულ ფოლკლორ განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. რაიონებსა და ბათუმში ახალი ანსამბლები გამოჩნდნენ. როგორი იქნება მათი თანადგომა?
– სამინისტროს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს ყოველწლიურად მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ ეროვნული ტანისამოსით თუ სხვადასხვა ინსტრუმენტით. თვითმყოფადი ფოლკლორის შენარჩუნება და პოპულარიზაცია სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, ხელს შევუწყობთ ახალი ანსამბლების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *