ელისო ბოლქვაძე თურქეთში, ინეგოლის მერს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ინეგოლის მერს ალფერ თაბანს შეხვდა.
მხარეებმა იმსჯელეს ინეგოლსა და აჭარის რეგიონს შორის კულტურული კავშირების გაძლიერების საკითხებზე, ადგილობრივ კულტურულ პროგრამებში ქართული დიასპორის ჩართულობის გაზრდის გზებსა და გაცვლითი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
ასევე, მინისტრი ეწვია ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციას, სადაც შეხვდა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო დიასპორების კულტურულ აქტივობებში ჩართვის უზრუნველყოფასა და არსებული შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და ქართული დელეგაციის წევრები.