ელისო კილაძე, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, დაკავებულია
By

ელისო კილაძე, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, დაკავებულია

ამ დღეებში,, „ქოლცენტრების საქმეზეათ პირს, მათ შორის ელისო კილაძესა და ოთარ ფარცხალაძეს, ბრალი წარედგინათ. ელისო კილაძე დაკავებულია როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. პროკურატურისვე განცხადებით: ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

„რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით, 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულების მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს – ხელფასებისა და ბონუსების გაცემას, ქოლცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას; ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, წარიმართა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების: ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ – პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

ელისო კილაძის ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, დაკავებულის სახლში მიუხედავად იმისა, რომ მოცულობითი, დიდი არ არის, ორ-ოთახიანი ბინაა, მაინც ყველა ფურცელი იქნა გასინჯული, წაკითხული, დალუქული, ამოღებული. ,,მნიშვნელოვანი არაფერი ამოიღეს, ამოიღეს ერთი „ლეპტოპი“, ტელეფონი და მეორე „ლეპტოპი“ შვილის საწოლი ოთახიდან, ასევე, ამოიღეს ბლოკნოტები, სამი ცალი „ფლეშკა“ და ოჯახის თანხა, რომელზეც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხაა. რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან. ეს არის უცხოურ ვალუტაში, მაგრამ არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ სალაპარაკო იყოს. ოჯახის უფროსი, ბატონი გია ხარშილაძე ბინაში გახლავთ. მან თქვა, რომ მისი პირადი თანხაა, მას აქვს აგრომეურნეობა, აქვს ოფიციალური შემოსავალი და ნებისმიერ დროს წარმომავლობას დაადასტურებს. თუ 7 მილიონია მოპარული „ქოლცენტრიდან“ და ეს მცირედი თანხა რამეს წარმოადგენს, ეს დაადასტუროს გამოძიებამ. ჯერჯერობით, მე რაც ვნახე, ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია, რაც პროკურატურამ გაავრცელა, მიმაჩნია, რომ არის წყალწყალა. ამოღებულ თანხას რაც შეეხება, რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ ვასახელებ, რადგან ეს ოჯახთან არის შესათანხმებელი, თვითონ ოჯახის წევრებმა მოითხოვეს. არაფერი საიდუმლო იქ არ არის. ადამიანს ამ შემოსავლის მიღების წყარო გააჩნია, მიუთითა ოქმში, საიდან აქვს ეს თანხა და გადამოწმდება გამოძიების მიერ და ეს თანხა, ალბათ, დაუბრუნდება იმიტომ, რომ პირობაც ასეთია.

რაც შეეხება ჩხრეკის საფუძვლიანობას, მე პრეტენზიები მაქვს ამის თაობაზე. როდესაც იქნება სასამართლო სხდომა დასაბუთებას იქ წარვადგენ. თვითონ ბრალდებას რაც შეეხება, ჯერ არ მინახავს. ალბათ, ხვალ გამაცნობენ საქმის მასალებს, მაგრამ რა ინფორმაციაც გაავრცელა პროკურატურამ იმის მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წყალწყალა ბრალდებაა. სასამართლო პრაქტიკაში ასეთი ერთობლიობა, რაც ამათ დაწერეს, ჯერ არ მომხდარა. რაღაც გამოგონილია და ვნახოთ. ვფიქრობ, რომ რაღაც ხელოვნურობის ნიშანი ჩანს, ვიღაცებმა რაღაც ჩვენებები მისცეს და ამის საფუძველზეა (დაკავებული). მტკიცებულება ასე არ იკრიბება. მტკიცებულებებს დამაგრება სჭირდება, ჯერჯერობით არ გააჩნიათ მტკიცებულებები. ელისო კილაძის დაკითხვისას გენერალურ პროკურატურაში იყო ადვოკატი ნათია კორკოტაძე და არ გადასცეს მტკიცებულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გააჩნიათ მტკიცებულებები. ამ საქმის თაობაზე ელისო კილაძე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა“, – ამბობს ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

მედიასაშუალებებიდან მალევე ფარული ჩანაწერიც გავრცელდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფი ბიზნესმენის, ბენ ანორის ადვოკატებმა გაავრცელეს და ასევე წარმოადგინეს დასკვნა, რომ მასალა ავთენტურია. ფარულ ჩანაწერში კილაძე ბრალდებულ ჯიბლაძეს ესაუბრება, გეგმავს ოპონენტებზე ზეწოლას, საუბრობს ქოლცენტრების თემაზე და ამბობს, რომ ოპონენტს წილი „აახია“.

ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა. „ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა – ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, – აღნიშნულია ელისო კილაძის წერილში, რომელსაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც სჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა. „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა. ელისო კილაძე სიცრუის გამავრცელებელი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მანქანაა და ეს ახალი არ არის. წლებია, სიცრუეს ავრცელებს, რათა ადამიანები „გააშაოს“ და ამით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი მოქმედებები შესაბამისობაში აღარ არის იმ მოცემულობასთან, რაც ქვეყანაშია. ამ ადამიანს შეუძლია, საკუთარი სიმართლე სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს. ეს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა, სადაც ელისო კილაძეს მოუწევს, იმ სასამართლოს წინაშე წარდგეს, რომელსაც წარსულში „აშავებდა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

 

მოამზადა ხატია იაშვილმა

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *