ენერგოდამოუკიდებლობა – მთავარი მიზანი
By

ენერგოდამოუკიდებლობა – მთავარი მიზანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველო მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმპორტზე, განსაკუთრებით ელექტროენერგიისა და მასთან დაკავშირებული გაზის მიმართულებით.
პრემიერის შეფასებით, მდგომარეობა არ არის სახარბიელო. „იმპორტზე ჩვენი დამოკიდებულება არის 29%, კრიტიკულ თვეებში, უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს,“ – აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოტენციალზე, განსაკუთრებით, ჰიდრორესურსებზე, რომელთა ეფექტიანი გამოყენებით შესაძლებელია სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. მისი თქმით, სახელმწიფოს მკაფიო გეგმა აქვს, რომლის მიზანიც მომდევნო ათწლეულში დადგმული სიმძლავრის 11 500 მეგავატამდე გაზრდაა:
„გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე გატანას“.
პრემიერის განცხადებით, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც ენერგოსისტემის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა:
„დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, სიღრმისეულ კვლევებსა და ფართო ჩართულობას. პრემიერი ასევე, შეეხო წარსულში არსებულ პრობლემებსა და პროტესტებს, სადაც, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და კომერციულ ინტერესებს. მისივე თქმით, სახელმწიფო მზად არის, გაითვალისწინოს რეალური, არგუმენტირებული პროტესტი, თუმცა, არ დაუშვებს საბოტაჟს:
„სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია“.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მისი მიღწევა ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა.
„ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს. ჩვენი ამოცანაა, ნულამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *