ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 131-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის ან პირების დასჯა.
მათივე განცხადებით, კვლავ დაისვა საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ „გამოძევებული“ აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განიხილებოდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვა. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში.
სუს-ის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 14 მაისს გაიმართება.