
ერეკლე მეორის ძეგლი – სამგორის პარკში
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა. მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა, რადგან ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი შეიტანა ერეკლე მეორემ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის: „სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ, ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ამის შესაძლებლობა და ამისათვის განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ გამორჩეულ მეფეს. ერეკლე მეორე პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, პრაგმატულობის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლოა. მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ეს არის მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი ძეგლი, რომელიც დაამშვენებს დედაქალაქს. ასევე მინდა მოგილოცოთ განახლებული სკვერის, გამწვანებული სივრცის გახსნა. ყველას გახსოვთ, რომ ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ამ სივრცეს და ეს სკვერი იქცევა დასვენების ადგილად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არა მხოლოდ ამ უბნის მცხოვრებლებისთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის, იგი იქცევა მათ უსაყვარლეს ადგილად. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. უნდა გავუფრთხილდეთ ფესვებს. ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ წარსულს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. დედაქალაქს სჭირდება კიდევ უფრო გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეც მასზე ზრუნვის გამოხატულებაა. ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თბილისის მერს კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ერეკლე მეორის ძეგლი იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებსა და ისტორიას“.