„ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – თამარ ბაგრატიონმა გლობალურ სამიტზე ბავშვთა კეთილდღეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა
By

„ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – თამარ ბაგრატიონმა გლობალურ სამიტზე ბავშვთა კეთილდღეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში, გლობალური სამიტის – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღევანდელ სამყაროში ქვეყნების ლიდერებსა და საზოგადოებებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა აერთიანებთ – შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. სამიტი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ორგანიზებით გაიმართა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გონივრულ გადაწყვეტილებებსა და ისეთ მიდგომებს, რომლებიც ბავშვებს განვითარების, ინოვაციების შექმნისა და სამყაროსთან ღია კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.
„ძვირფასო პირველო ლედებო, პატივცემულო სტუმრებო, პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონი მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.
დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და, უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან, ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება – გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ შეგვიძლია, არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის“ პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ.
ცნობილია, რომ თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. მასთან ერთად აშშ-ში ვიზიტით არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *