ერთხმად არჩეული თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უხელმძღვანელებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დეპუტატებმა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ცოტნე ანანიძის კანდიდატურას, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
ცოტნე ანანიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გუნდს და ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საზოგადოების, რეგიონისა და ქვეყნის წინაშე:
– პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ბატონ დავით გაბაიძეს, მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგას გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს თანამდებობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რაც მოიცავს ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ გაკეთებული არჩევანისთვის, რომელიც სასარგებლო იყო არა ჩვენი გუნდისთვის, არამედ სასარგებლო იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად ფასი სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნული ფასეულობების, ოჯახის სიწმინდის. აჭარის ტკივილიანი ისტორია და აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს სულხან თამაზაშვილს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში და ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გვაძლევს შესაძლებლობას, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ გონიერ, განათლებულ პრემიერ-მინისტრთან ერთად. მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საზოგადოებას და ამასთან, გამოვეხმაურო დღევანდელ დღეს, როცა გაეროს რეზოლუციით აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე. როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე რეგიონალური ხელისუფლება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, პოზიტიურად ვიყოთ ჩართული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ დღის წესრიგში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას და როგორც ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ყოველთვის გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ცოტნე ანანიძემ.
უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვეს კოლეგებმა და აღნიშნეს, რომ ერთად გააგრძელებენ საზოგადოების სამსახურში ყოფნას.
– მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავით გაბაიძეს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე, თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცო ბატონ ცოტნე ანანიძეს, რომლის ბიოგრაფიაც ყველამ იცის. ის არის ძალიან წესიერი ახალგაზრდა, კარგი პოლიტიკოსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდში თავის სიტყვას იტყვის. ის ნამდვილად არის ახალი, ჯანსაღი ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, – აღნიშნა დეპუტატმა ლაშა სირაბიძემ, რომელიც დღევანდელ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ნანა აბულაძე