„ეროვნული ინტერესები უპირველესია“ – მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები დასავლეთთან ურთიერთობებზე
By

„ეროვნული ინტერესები უპირველესია“ – მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები დასავლეთთან ურთიერთობებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელევიზიო ეთერებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები შეაჯამა და მკაფიო აქცენტები გააკეთა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე, ისე, რეგიონულ პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
მისი განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია არსებობს, თუმცა გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა არასწორია. „ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან,  თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველო ელოდება ურთიერთობების გადახედვას, რომელიც „ორმხრივ პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში“ დააბრუნებს ორ ქვეყანას. მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის პერიოდში დაგროვდა რთული მემკვიდრეობა და „ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, ჩვენთვის მისაღები არ არის… მოველით, რომ აშშ-ს მხრიდან გარკვეული სიცხადე იქნება“.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, განსაკუთრებით, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი შეფასებით: „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, საქართველოს როლი დააკნინო… საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო“.
რუსეთთან კონფლიქტზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ რეალობა უცვლელია – დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და კომუნიკაცია მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს. „კონფლიქტი კონფლიქტად რჩება. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია… ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მან მიუღებლად შეაფასა საქართველოს კრიტიკა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც თავად აქვთ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და აღნიშნა, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა ინტერესები შეიძლება იდგეს საქართველოს მიმართ ასეთი მოთხოვნების უკან.
უკრაინის თემაზე მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც ხელყოფილია და მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები“, – აღნიშნა მან. მინისტრის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული მოლოდინებისა, ომი კვლავ გრძელდება და „არ ჩანს მკაფიო კონტურები, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება“. მისივე თქმით, რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა გავლენას იქონიებს ომის დასრულება ევროპასა და რეგიონზე.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სანქციების თემაზეც. დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებას მან „ცინიკური და საფუძველს მოკლებული“ უწოდა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ორი ქართული არხის სანქცირება რუსეთზე გამარჯვების გზად განიხილებოდეს. ამასთან, მან მკაფიოდ განმარტა, რატომ არ აპირებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას: „ამას ფაქტობრივად, არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთისთვის და ექნება ძალიან დიდი ეფექტი საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ქოლგა“. მისი თქმით, ასეთ პირობებში ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს, უპასუხისმგებლო იქნება.
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას სანქციების თავიდან ასარიდებლად და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაცია არსებობს, თუმცა „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ზეწოლა კითხვებს აჩენს“.
მისი გზავნილი საბოლოოდ ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვერ გადავდგამთ ვერცერთ ისეთ ნაბიჯს, რაც ოდნავ მაინც შეარყევს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალსა და უსაფრთხოებას ეხება.

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *