
„ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“ – ყველა პროექტი რეგიონის ტურისტული პოპულარიზაციისათვის
ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“, რომელიც აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია იმართება, საკურორტო ქალაქში უამრავი ვიზიტიორი სტუმრობდა. ღონისძიება საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნა.
მოგვიანებით სცენაზე მსმენელის წინაშე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „MIX2ra“, „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ წარსდგნენ. სტუმრების წინაშე სპეციალური ნომერი წარადგინა ქალთა კამერულმა გუნდმა და Dჟ ჩიკიმ. საფესტივალო სივრცეში განთავსებული იყო კვების და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ჰქონდათ. გაიმართა საბავშვო აქტივობებიც. „აქტიურად გრძელდება ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში, მრავალფეროვანია ღონისძიებების კალენდარიც როგორც საზღვაო კურორტებზე, ისე მთიან მუნიციპალიტეტებში. ამჯერად, ქობულეთმა უმასპინძლა ულამაზეს ფესტივალს, სადაც სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარებისა და კარგი მუსიკის მოსმენის საშუალება ჰქონდათ. რეგიონის სტუმრებს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, მიმართულებებსა და სერვისებს ვთავაზობთ და მსგავსი ფესტივალებით ხაზს ვუსვამთ ჩვენი საზღვაო კურორტების მზაობას ტურისტების მისაღებად“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. მან, პარალელურად, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის ტორფნარი დაათვალიერა, რომელიც UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა იწყება. შარშან ტორფნარზე დასრულდა გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა. პროექტის მიზანია ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ვიზიტიორთა რაოდენობის გაზრდა რეგიონში.
ამ და აჭარაში მიმდინარე სხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დაგეგმილი ან დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელება და ბოლომდე მიყვანა მისი სტრატეგიული საზრუნავია. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი – „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა. „ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას ქობულეთთან დაკავშირებით ამბიციური გეგმა აქვს.
,,ქობულეთს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მთავრობის თავჯდომარემ ასევე ისაუბრა მაღალმთიან აჭარაში მიმდინრე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე. `მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. კურორტ გოდერძიზე 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ნაწილიც უკვე დასრულებულია. ჯამში, ველოდებით 250 მილიონამდე ლარის ინვესტიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აუცილებლად არის სისრულეში მოსაყვანი“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო სათხილამურო მიმართულებად დაასახელა გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა, რომელმაც ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სამთო კურორტი გოდერძი პირველ ადგილზე იყო. 12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტები მოხვდნენ. ხაზგასასმულია, რომ მთიანი აჭარის ყველა მარკირებული მარშრუტი ერთ რუკაზე განთავსდა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის რუკა განაახლა და რეგიონში არსებულ 26-ვე მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს თავი ერთ რუკაზე მოუყარა. განახლებული რუკით მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველები საფეხმავლო მარშრუტებზე დამოუკიდებლად შეძლებენ გადაადგილებასა და მოგზაურობას. განახლდა ბათუმი-აჭარის გზამკვლევიც.
დაგეგმილი პროექტების განხორციელებამდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უწყების ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას, თინათინ ზოიძემ რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით,
გასულ წელს, რეგიონში 4.7 მილიონზე მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. +45%-ით გაიზარდა ვიზიტები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც (422 000 ვიზიტი).
,,აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობლობების პუპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. აჭარის რეგიონი წარმოდგენელი იყო 23 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში. მედიატურების ფარგლებში, რეგიონს სტუმრობდნენ ცნობილი ბლოგერები, წამყვანი მედიისა და პრესის წარმომადგენლები სამიზნე ქვეყნებიდან. გასულ წელს, რეგიონში, 48 საერთაშორისო მედიატური განხორციელდა. მთიან აჭარაში 26 მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა: ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, ქობულეთის ტორფნარის ახალი ტურისტული ბილიკი, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრასტრუქტურით, საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ტურისტების საუკეთესოდ მომსახურების მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი მუდმივად ცდილობს აჭარაში მოქმედი გიდების გადამზადებას. ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი პროგრამა 20 ივლისს დასრულდა. ინტენსიურ ტრენინგ-კურსში 50-ზე მეტი ტრენერი იყო ჩართული. სამთვიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიათმცოდნეობა, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტრესურსები, გიდის ფსიქოლოგია, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ქალაქის ტურისტული მარშრუტები, პირველადი დახმარების საშუალებები, საქართველოს, აჭარის, ბათუმის ისტორია, გონიოს ციხე და სარფი, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, ფოლკლორი, კულტურა, გასტრონომია.
გიდების გადამზადებამდე, დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდნენ ტრენერები და შეფმზარეული. პროექტი „კარგი მასპინძელი“ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს დაიწყო. აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფლობს.
დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული გზამკვლევები და აჭარული ტრადიციების, რეწვისა და თამაშობების ამსახველი წიგნები მოამზადა. წიგნები, განახლებული რუკები და ბროშურები უფასოდ, რეგიონში არსებულ 9-ვე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია ხელმისაწვდომი.
„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“, „ხალხური რეწვა აჭარაში“ – ეს ის ბროშურებია, რომლებიც ბოლო 4 წელიწადში მომზადდა.
შიდა ტურიზმის სტიმულირებისათვის წელსაც დაიწყო სარეკლამო კამპანია ,,გამომყევი აჭარაში“. ამჯერად პრიზი პირველი ადგილისთვის 100 ათასის ნაცვლად 150 ათასი ლარია.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, კამპანიაში ქართველი ინფლუენსერები, კონტენ კრეატორები, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფები და მოგზაურები არიან ჩართული. აგვისტოს ბოლომდე მონაწილეებს საშუალება აქვთ, აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ მთავარი პრიზები.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. შარშან მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტკრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023 წელს კამპანიამ სოციალურ ქსელებში – 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს, 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი, წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების, ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. მთავარი პრიზის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც.
დაბოლოს, მნიშვნელოვანი სიახლე რეგიონისთვის – ავიაკომპანია ,,wizz Air“-ის მილიონობით მგზავრი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა. „ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“ – ამ სათაურით სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის გამოცემაში დაიბეჭდა.
,,wizz Air“-ი ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალ ,,wizz Air“-ს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.
ხატია იაშვილი