„ეს არის ვერდიქტი – წადით თეატრიდან!“ – ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ
By

„ეს არის ვერდიქტი – წადით თეატრიდან!“ – ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ

„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, ერთგვარი ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება“, – ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თეატრის დირექტორი დასის წევრებს შეხვდა და, როგორც მსახიობები აღნიშნავენ, საუბარი არა თეატრის მსახიობისა და რეჟისორის ოთარ ქათამაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ხსოვნის პატივისცემით, წუთიერი დუმილით, არამედ გასტროლებზე საუბრით დაიწყო.

„მეგონა საუბარს წუთიერი დუმილით დაიწყებდა, მაგრამ არა, მან საუბარი გასტროლებზე საუბრით დაიწყო. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს. თეატრის დირექტორმა რაც ჩაიდინა ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არ ჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს-მეთქი? დასი გაჩუმდა. მე მივუბრუნდი და ვუთხარი ნუკრი ქანთარიას – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა, წადით თეატრიდან. ნუკრი ქანთარიამ გვითხრა, თქვენ წახვალთ აქედანო, ვნახოთ, ვინ წავა“, – აღნიშნა მსახიობმა ავთო ქარჩავამ.

„შეხვედრა დაიწყო იმაზე საუბრით, რომ გეგმავს გასტროლს. არცკი უხსენებია ოთო ქათამაძე, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც ერთი კვირაა, რაც დავკრძალეთ. მინიმუმ, მეგონა, რომ წუთიერი დუმილით დაიწყებდა ამ შეხვედრას. ახლა მის ბოდიშსაც აზრი აღარ აქვს. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბოდიშს აზრი აღარ აქვს და ახლაა ეს მომენტი“, – აღნიშნა მსახიობმა თათია თათარაშვილმა.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობთა უმრავლესობის განცხადებით, თეატრის დირექტორის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა – ის, რომ ნუკრი ქანთარია არ იმყოფებოდა ოთარ ქათამაძის სამძიმარზე, რომელიც მშობლიური თეატრიდან ტაშით გააცილეს, ის რომ არ გამოუქვეყნებია სამძიმრის წერილი, არ დაურეკავს დასის წევრებისთვის და არ გამოუჩენია მათი გვერდით დგომის სურვილი, – თეატრის ხელმძღანელის მხრიდან არის მსახიობების და ზოგადად, ქალაქის უპატივცემულობა.
ამგვარად, გუშინ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის
დასისა და თეატრის დირექტორ ნუკრი ქანთარიას შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დასრულდა. შეხვედრის დატოვებისას თეატრის დირექტორმა განაცხადა, რომ ვერ გააგრძელებდა მსახიობებთან საუბარს: „აღელვებული არიან და შემდეგ გავმართავ შეხვედრას, პროვოკაციებზე მიდის ზოგიერთი მათგანი“. ნუკრი ქანთარიამ, ასევე, განმარტა, რატომ ვერ ესწრებოდა ოთარ ქათამაძის დაკრძალვას, ან პირად გვერდზე რატომ ვერ მოახერხა სამძიმრის წერილის განთავსება.
„არ ვიყავი არც ბათუმში და ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას, თუმცა, რაც ჩვენს გვერდზე დაიწერა, ყველაფერი ჩემი სახელით იყო“, – აღნიშნა მან.
დირექტორის მიერ დასახელებული მიზეზი მისაღებად მიიჩნია დრამატული თეატრის მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა. მისი განმარტებით, ნუკრი ქანთარიას რომ ჰქონოდა შესაძლებლობა, აუცილებლად იქნებოდა ბათუმში და სამძიმარს მიიღებდა როგორც ჭირისუფალი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, რადგან მთაში იმყოფებოდა. მსახიობი, ასევე, იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ თეატრის გვერდზე გამოქვეყნებული სამძიმრის წერილში, თეატრში დასაქმებული თითოეული ადამიანის პოზიცია იგულისხმება.

„თეატრი არის სახელმწიფო სტრუქტურა, რა გინდათ, სპექტაკლები არ გაგრძელდეს? რამაზ ჩხიკვაძე მოკვდა, ხალხო, მანანა მენაბდე მოკვდა, რა ვქნათ აღარ ვიმუშაოთ? მე მესმის მსახიობების გულისტკივილის, ყველას გვესმის. კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ მთელ დასს, მის თითოეულ მეგობარს, მთელ ბათუმს. ოთო იყო ამ დასის წევრი, ბათუმელი ნიჭიერი ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი დანაკლისი. რაც შეეხება იმას, რომ ბატონმა ნუკრიმ თავის გვერდზე არ გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი, ამაზე გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  თეატრი არის სახელმწიფო სტრუქტურა, როდესაც ის დებს განცხადებას, იქ იგულისხმება მთლიანად თეატრის პოზიცია“, – აღნიშნა მაკა შალიკაშვილმა და დასძინა, რომ დასმა როგორმე უნდა მოახერხოს მშვიდად მუშაობა.

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების უმრავლესობა აჭარის კულტურის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს და მისგან ნუკრი ქანთარიას გათავისუფლებას ითხოვს. მსახიობთა განცხადებით, თუ ნუკრი ქანთარიას არ გაუშვებენ თეატრიდან, მაშინ ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან მივლენ ანალოგიური მოთხოვნით. მათივე განმარტებით, გამოაცხადებენ „დაუმორჩილებლობას“, რათა დირექტორმა სასჯელის ზონები არ მიიღოს დასის ზოგიერთი წევრის მიმართ.
ცნობისთვის: ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წელს დანიშნეს. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე ნუკრი ქანთარიას რამდენიმე მსახიობთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. ერთი მსახიობი გაუშვა თეატრიდან, ერთს – 6 თვით ხელფასი შეუჩერა, ნაწილს საყვედური გამოუცხადა, მათ შორის ოთარ ქათამაძეს, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო და ყოველდღიურ რეჟიმში აცხადებდა, რომ საქართველოს განვითარების გზა ევროპაშია, რომ თეატრი ეკუთვნის ხალხს და ის უნდა იყოს სიმართლისა და სამართლიანობის უპირველესი რუპორიც და მცველიც.

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *