„ეს ქვეყანა კეთილი ადამიანების მხრებზე დგას“
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ღირსების მედალოსანი, „საპატიო შუახეველი“ მიხეილ დავითაძე იმ ადამიანების რიცხვშია, რომლებმაც მთა და სოფელი ქალაქის ხმაურიან გარემოზე არ გაცვალეს და ბოლომდე უერთგულეს ადგილის დედას. ბატონ მიხეილთან ინტერვიუ ამ დღეებში ჩავიწერეთ.
– ბატონო მიხეილ, თებერვალში, 77-ე ზამთარს მოიტოვებთ უკან. წელიწადის ეს დრო რა ადგილს იჭერს თქვენს შემოქმედებაში?
– არ მიყვარს წელიწადის დროთა დახასიათება. ყველას თავისი პეწი და ადგილი აქვს. გამონაკლისი ისაა, რომ ზამთარში შემოქმედებითი მუშაობისთვის მეტი დრო მრჩება.
– სხვისი შეწუხება თქვენთვის უცხოა. ასეთს გიცნობთ საზოგადოება…
– ბავშვობიდან ასეთი ვარ – მორიდებული, არ მიყვარს სხვების შეწუხება, არასდროს მომითხოვია სამსახურში დაწინაურება… მიუხედავად ამისა, ყოველთვის საპასუხისმგებლო ადგილებზე ვიყავი დასაქმებული. 20 წელი ვიმუშავე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრციული სამსახურის უფროსად. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი შუახევისა და შუახეველების წარმოჩენა იყო.
– თქვენი შთამომავლები აქტიურ მკითხველთა შორის არიან…
– ჩემი მეუღლე, ვალენტინა ჯიჯავაძე, პროფესიით პედაგოგია, სპეციალობით – ფილოლოგი და ჩემზე უკეთ იცნობს ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურას. ჩემი ნაწარმოებების პირველი მკითხველი და შემფასებელიც ისაა. უფროსი ვაჟი, გიორგი, ადრეული ასაკიდანვე შევაჩვიე წიგნების კითხვას. მან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. 6 შვილიშვილი მყავს. 3 გოგონას შემდეგ ვაჟები დაიბადნენ. უფროსი შვილიშვილი სამედიცინო რეზიდენტურას გადის და სპეციალობით მუშაობს. ასაკით მომდევნო ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის მაგისტრანტი იყო, რომლის დასრულებისთანავე ტურისტულ კომპანიაში აიყვანეს. ვაჟებიდან უფროსი ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტია. შვილიშვილებიც წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან.
– პოეზია თუ პროზა?
– მე პროზაიკოსი ვარ. ასეა მინიშნებული საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ცნობარში. ბოლო პერიოდში ლექსებს უფრო ვწერ და მათ საზოგადოებრივ ქსელში ვაქვეყნებ. მკითხველი და შემფასებელი მრავლად მყავს, განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოეთში მყოფი ქართველი ქალები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი.
– თქვენი წიგნი „ლოგინის ქალი“ დღემდე აქტუალურია…
– ამ რომანმა საკმაო ინტერესი გამოიწვია. მასში დამოუკიდებელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა წარმოჩენილი. სატელეფონო ზარები, სოციალური ქსელით დადებითი შეფასებები არ წყდება. მრავალს ვუსახსოვრე კიდეც წიგნი. სხვათა შორის, 300-ზე მეტი წიგნი მაქვს გაჩუქებული. აქტიურ მკითხველებად ჩემი თაობის ადამიანები მიმაჩნია.
– დიდია თქვენი სამეგობრო წრე…
– დიახ, ასეა. მეგობრულ ურთიერთობებს ვაგრძელებ თანაკლასელთან, ყოფილ პარლამენტართან, პროფესორ ალექსანდრე ჯიბლაძესთან, თანაკურსელებთან ასლან ჩავლეიშვილთან, თემურ თალაკვაძესთან, ნარგიზ ხინთიბიძესთან, აკაკი ტუსკიასთან… გული დამწყვიტა თანაკლასელ ნოშრევან ზოიძის, თანაკურსელ ნოდარ ზოიძის, ჩემი თაობის თანასოფლელების იური დავითაძის, რუსლან ბერიძის გარდაცვალებამ. „მიერეკება ნახირივით ადამის შვილებს, დროში იცრება მათი ღვაწლი, სანთლად ინთება, მემატიანე ჩაიბარებს გაცრეცილ ფურცლებს და „მე“ ყოვლისა აჩრდილივით დაიბინდება“. მათ ამ სტრიქონებით დავემშვიდობე.
– საზოგადოება თქვენს თაობას სოფელ გოგაძეების „ოქროს ფონდად“ მიიჩნევს. თანასოფლელები, რომლებიც გვერდს გიმშვენებენ…
– ჩვენი თაობა, მართლაც, გამორჩეულია. საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით, ცხოვრების დიდ გზაზე, შემოქმედებით და მეცნიერულ სარბიელზე საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს: ემენ დავითაძემ, რეზო ბერიძემ, რამინ, რევაზ ჯიბლაძეებმა, ვაჟა, მიხეილ გოგაძეებმა.
– პროფესიით პედაგოგის, სპეციალობით მათემატიკოსის ცხოვრებაში რა ადგილი უკავია შემოქმედებას?
– რა თქმა უნდა, დიდი. ქართული მწერლობა მრავალ გენიოსს და მათ მარგალიტებს ითვლის. ახლის, განუმეორებლის თქმა იოლი არაა, მაგრამ რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი აზრია და მრავალ საყურადღებოს ახალ ნაწარმოებებშიც ნახავთ. „ვამპირთა კუნძულს დაემსგავსა ეს დედამიწა, რობოტთ სამსჯავრო შენიღბულა უხამსი ფარდით, გარშემო მყოფნიც ჩამოჰგავენ ციურ ნახატებს და ამ ნახატებს სამარხების სურნელი ასდით“.
– როგორც კალმოსანმა, მკითხველ საზოგადოებას თავი იმ იუმორესკებით გააცანით, რომლებსაც ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებდით. ისინი გაზეთის გაყვითლებულ ფურცლებს შერჩა თუ…
– მათი დიდი ნაწილი პირველ წიგნში შევიტანე.

– 12 წიგნის ავტორი, პირველ წიგნს როგორ შეაფასებთ?
– პირველი წიგნის გამოსვლა დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული. მან კმაყოფილება მომანიჭა. მკითხველმაც დადებითი შეფასება მისცა, რამაც შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობის ინტერესი გამიღვიძა. საწყენია, რომ წიგნისადმი ინტერესი თანდათანობით იკლებს, არადა, კაცობრიობის მთელი სიბრძნე წიგნებშია თავმოყრილი.
– როგორ გამოეცით თქვენი წიგნები?
– მეტწილად, პირადი დანაზოგებით გამოვეცი ჩემი წიგნები. გარკვეული ქველმოქმედება გამიწიეს სულიკო და შოთა მახარაძეებმა, სხვებმა, რომელთა ამაგს დიდად ვაფასებ. მადლობა მათ. ეს ქვეყანა კეთილი ადამიანების მხრებზე დგას.
– სამ რომანში კუთხის ისტორიული წარსული გააცოცხლეთ. რა ედო მათ საფუძვლად?
– მათ საფუძვლად ლეგენდები და ზეპირი თქმულებები უდევს. ძირფესვიანად შევისწავლე იმ დროის ისტორიული ნარკვევები, დანარჩენი ფანტაზიის ნაყოფია.
– ცხოვრების, შრომის დიდ გზაზე კრიტიკული პერიოდიც გქონდათ. რა დაარქვით იმ ნაწარმოებს, რომელიც საკმაოდ რთული ოპერაციის შემდეგ დაწერეთ?
– ჩვენმა თაობამ მრავალი სირთულე გამოიარა – რევოლუციური პროცესები, დაპირისპირებები, სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის შიში… მადლობა უფალს, რომ მათი დაძლევის ძალა და ენერგია მომცა. უმუშევარი არ ვყოფილვარ. მცირედი ხელფასი მქონდა, რამაც შესაძლებლობა მომცა, შვილებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები შემექმნა. ოპერაციის შემდეგ დაწერილ ნაწარმოებს „შუნტირება“ ჰქვია. მასში ჩვენი ცხოვრების შუქ-ჩრდილებზეა საუბარი. წარსულის ლანძღვით ქვეყანა ჯერ არავის აუშენებია. როგორც ცეცხლი ცეცხლით არ ქრება, ისე ბოროტება ბოროტებით არ აღიკვეთება.
– თხზულებათა სრული კრებულის გამოცემას თუ აპირებთ?
– ამის თაობაზე ვფიქრობ. შესაძლებელია რჩეული ნაწარმოებების ცალკე კრებულად გამოცემა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. მოსაწონია აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მიერ გამოცემული მემუარები. ჩემი აზრით, ვისაც კალამთან ურთიერთობა ხელეწიფება, უნდა დატოვოს ბიოგრაფიული ჩანაწერები, რაც იმ დროის მოვლენებისადმი პიროვნების დამოკიდებულებას აჩვენებს.
– მოახლოებულ დაბადების დღეს გილოცავთ. თქვენი სურვილები?
– ყურადღებისთვის მადლობა თქვენი გაზეთის რედაქციას. ვისურვებდი, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანი, თავაზიანები და კეთილმოსურნენი იყვნენ. სიკეთეს დიდი ძალა აქვს… მსურს, მოვესწრო ერთიან, ძლიერ, განვითარებულ საქართველოს, პოზიცია-ოპოზიციის ერთად დგომას. ჩვენი ერის სიბრძნის იმედი მაქვს.
ოთარ ცინარიძე