ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, არის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა.
განცხადების თანახმად, საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.
„ფინეთი, როგორც ეუთოს 2025 წლის თავმჯდომარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.