ეუთო: სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით…
8-10 მარტს საქართველოს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაცია, ასევე, ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით დაზარალდნენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონსისა და მაღალი დონის დელეგაციის რამდენიმედღიანი ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამის შესახებ საუბარია ვიზიტის დასრულების შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ყველა მხარეს, დიალოგის აღდგენის მიზნით, პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდა.
„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, პარლამენტის შიგნით და მის გარეთ მყოფი პირებიც მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.
დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი არჩევნები ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, დელეგაციის შეფასებით, ამ მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია“ კვლავაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. ამასთან, განცხადების თანახმად, მომავალში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მათ, ვინც კონსტრუქციული გზით ამ მისწრაფებების განხორციელებას შეეცდება.
„ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. ამავეს ველოდებით საქართველოში მყოფი პოლიტიკური ლიდერებისგან“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. „მოდით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორც ოქტომბერში გავაკეთე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ლუის გრასამ.
ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ბარონესა კრისტინ ბლოუერის განცხადებით, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის.
„აქ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლობიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.
განცხადების თანახმად, „დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები, რაც, სავარაუდოდ, გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს“.
ეუთოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩის თქმით, ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება.
„პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, – აღნიშნა იევროსიმა პეიოვიჩმა და ხელისუფლებას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა.
განცხადების მიხედვით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ეწვივნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო შეშფოთების საგანია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო კოოპერაციის კუთხით.
განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რამდენიმედღიანი ვიზიტის შედეგები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ჰააგაში, ყოველწლიურ სესიაზე განიხილება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განხცადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. გამართულ შეხვედრებზე მათ გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ეუთოს დელეგაციის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები მაღალ დონეზე. ,,დიალოგის ნაკლებობა რომ არის საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამის დანახვას ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა კარგად ვხედავთ ამ ამბავს, თუმცა ამ დიალოგის ნაკლებობას აქვს ერთი მთავარი მიზეზი. ეს მიზეზია – ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი არ შემოდიან პარლამენტში და შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გვქონდეს მათთან პოლიტიკური დიალოგი. ეს ყველაფერი ჩვენ დელეგაციას ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ჩვენი ახსნის გარეშეც კარგად იყვნენ ინფორმირებული ამ ყველაფრის თაობაზე, რადგან ეს იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც დადო დასკვნა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ, უბრალოდ, გავცვალეთ მოსაზრებები. ეს მისია არ ჩამოსულა აქ, რომ ვინმესთვის რაიმე რეკომენდაცია გაეცა, ან რაიმე შეფასებები გაეკეთებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი ნებისმიერ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. „დიალოგი არის ჯანსაღი პროცესი, რომ ოპონენტი პარტიები, პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, ამავდროულად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დიალოგში, ამისთვის არის შექმნილი პარლამენტი, ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა საქართველოში გვაქვს ანომალიური მდგომარეობა, როდესაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შემოდის პარლამენტში და არ სურს იმ მანდატების გამოყენება, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ქმნის სწორედ ამ პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დიალოგთან. ჩვენ ეს ავუხსენით ეუთოს დელეგაციას და ძალიან კარგად გაიგეს მათ ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, ეს იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შეხვედრების განმავლობაში, მათ ყველა შეხვედრაზე გაიმეორეს, რომ გმობენ ძალადობას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. რაც შეეხება კრიტიკას, წინასწარ ვერ გეტყვით, ანგარიშში რას დაწერენ, შეიძლება, იყოს კრიტიკა, შექებაც, ამიტომ დაველოდოთ, როდის იქნება ეს ანგარიში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა: რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი. პაპუაშვილის თქმით, ეს ორი ჭეშმარიტება ევროკავშირის ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ წარმოთქვა.
„მადლობა გვეთქმის ეუთოს საპარლამენტო დელეგაციისთვის. მათ დაასახელეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. პირველი – განცხადება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვა; მეორე – ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი. ეს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც აქამდე მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა. ეს მარტივი თეზისები შეხვედრებზე რამდენჯერმე გაიმეორეს და კიდევ უფრო მეტიც ითქვა. ეს ორი უმარტივესი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირის ვერცერთ წარმომადგენელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა გაცვალეს მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოამზადა ხატია იაშვილმა