ექიმთა ჯგუფი – თაგინურზე
By

ექიმთა ჯგუფი – თაგინურზე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის მთიანეთის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევის პროგრამას ახორციელებს. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას კლინიკა „მედფემის“ პერსონალი უწევს. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას უტარდება სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია და ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები. მისი მიზანია დაავადებების დროული გამოვლენა და პრევენცია.

ექიმები უკვე იყვნენ მთა ზოტიყელში, ამჯერად კი თაგინურს ეწვივნენ, სადაც ზაფხულს ჭვანის ხეობისა და ქედის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ატარებს.

– ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რთულ გეოგრაფიულ პირობებში მუშაობენ, ან დროებით ალპურ საძოვრებზე პირუტყვთან ერთად იმყოფებიან. მათ ადგილზე უტარდებათ კვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება, – გვითხრა შუახევის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ფიქრია ჯუმუშაძემ, რომელიც აქციას ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მთაში იმყოფებოდნენ ექიმი ნინო დიასამიძე, ნევროპათოლოგი მზია ბერიძე, კარდიოლოგი თინა აბესაძე, ენდოკრინოლოგი ლალი ქიქავა, ოფთალმოლოგი ცოტნე დიდია, რადიოლოგი ნინო ჟორდანიძე, ჭვანის, წყალსაყრის პირველადი ჯანდაცვის ექიმები მაგული დავითაძე, რეზო ტაკიძე, მედიცინის დები ნინო ბიბინეიშვილი, მედიკო დარჩიძე, რუსიკო ბერიძე.

მათ კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს მემთეურებს, მისცეს დანიშნულება და მედიკამენტები. აქციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ზოიძე და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *