ვადა, მუქარა და დიპლომატია – ირანსა და აშშ-ის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარზეა
By

ვადა, მუქარა და დიპლომატია – ირანსა და აშშ-ის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარზეა

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. თეირანმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეს, ოფიციალური წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დარტყმის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ობიექტები „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ იქცევა. წერილი გაეროში ირანის ელჩმა ამირ-საეიდ ირავანიმ გაგზავნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანს ომი არ სურს, თუმცა „გადამწყვეტად უპასუხებს“ ნებისმიერ იერიშს და „შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება არაპროგნოზირებად შედეგებზე“. წერილში ასევე, ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რიტორიკა სამხედრო აგრესიის რეალურ რისკზე მიუთითებს.
ამ ფონზე, გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ ტრამპი განიხილავს ირანზე შეზღუდულ სამხედრო დარტყმას, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს ბირთვულ შეთანხმებაზე დათანხმებისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ პირველი იერიშები, შესაძლოა, რამდენიმე სამხედრო ან სამთავრობო ობიექტზე განხორციელდეს. თუ თეირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, აშშ შეიძლება ეტაპობრივად გადავიდეს უფრო მასშტაბურ ოპერაციებზე.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად „მაქსიმუმ 10-15 დღე“ აქვს და დაამატა: „ვაპირებთ შეთანხმების მიღწევას, თორემ ეს მათთვის სამწუხარო იქნება“.
ევროპაში ვითარებას სიფრთხილით აფასებენ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სამხედრო ესკალაციას „რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მძიმე შედეგები ექნება“ და დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს.
ანალოგიური პოზიცია აქვს თურქეთს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარას სურს, მხარეებმა „ჭეშმარიტ მოლაპარაკებებს სამხედრო ოპერაციის ან ომის გარეშე მიაღწიონ“. მისი თქმით, ომანელი შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე კონტაქტებში „უპრეცედენტოდ დადებითი სიგნალები“ შეინიშნება.
ამ ეტაპზე მთავარ კითხვად რჩება – გადაიზრდება თუ არა მუქარები რეალურ სამხედრო მოქმედებაში, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ბოლო წუთს მაინც შედგება. მოლოდინები ურთიერთგამომრიცხავია.

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *