
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო – „რაც დარჩა სათქმელი. . .“
„ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-ის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ვაჟა აზარაშვილს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო – „რაც დარჩა სათქმელი“. . . გაიმართა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
საღამო მუსიკალურად პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა მაესტრო დავით მაზანაშვილმა საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრთან და ბენდთან ერთად გააფორმა. ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელიც შეკრებილთ დროდადრო ამ საოცარი ადამიანის ბიოგრაფიას აცნობდა, უამბობდა მისი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს.
დარბაზში იმყოფებოდა ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე, რომელსაც საღამოზე მოსული მრავალრიცხოვანი მსმენელი ფეხზე წამოუდგა და მხურვალე ოვაციით მიესალმა. ნიკოლოზ წულუკიძემ ისიც ახსენა, რომ ბატონმა ვაჟამ ნანი ბრეგვაძეს 17 სიმღერა დაუწერა, აქედან 15 ქალბატონმა ნანიმ საღამოზე შეასრულა.
ვაჟა აზარაშვილმა უდიდესი კვალი დატოვა მუსიკაში, ქართული ხელოვნებისთვის ძალიან ღირებულია მისი შემოქმედება. იგი არის როგორც საესტრადო სიმღერების, ისე არაჩვეულებრივი კინომუსიკის ავტორი, საოცარი მუსიკა აქვს დაწერილი სპექტაკლებისთვის, მარტო შვიდი ოპერა მუსკომედიისთვის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი კლასიკური ნაწარმოებები. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაისმის ვაჟა აზარაშვილის მუსიკა. . .
საღამოში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე, არჩილ ცანკაშვილი, ოთო ნემსაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნიკო ბერიძე, რუსა თავართქილაძე, ნანუკა მიქაძე, ანსამბლი „ფორტე“.
კონცერტი აზარაშვილის უკვდავი ტანგოთი დაიწყო ფილმიდან „მზე შემოდგომისა“. მას მოჰყვა კომპოზიტორის უკვდავი სიმღერები: „მზე ჩემი მეგობარია“, „თბილისო“, „მოლოდინი“, „დრო სათაყვანო“, „ისევ წვიმს“, „დამშრალ ნაკადულს“, „მასწავლე“, „თბილისელი ქალები“, „ლურჯი ოცნება“, თამარ გვერდწითელისათვის დაწერილი „მუსიკა“, რომელიც ქალბატონმა თამარმა შეასრულა, მისი უკვდავი „დინამო“ და ბევრი სხვა.
შესანიშნავი იყო დავით მაზანაშვილის მიერ ვაჟა აზარაშვილის ცნობილი „ნოქტიურნის“ მოტივებზე შექმნილი ვერსია ჯაზური ვარიაციებით, რომელიც ორკესტრმა და ბენდმა შეასრულა.
საღამოს მონაწილეებმა ვაჟა აზარაშვილი გაიხსენეს.
თამარ გვერდწითელი:
– ბატონი ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა „მზიურში“ ვმღეროდი. ბებიას ძალიან უნდოდა, რომ დიდ კომპოზიტორს ჩემთვის მოესმინა. ძალიან შემაქო, არ მეგონა, თუ ასეთი კარგი გოგონა იყოო, მერე გავიდა დრო და მისი სიმღერის „მუსიკა“ პირველი შემსრულებელი გავხდი, რომელიც ჩემთვის დაწერა. ბატონი ვაჟა არის ქართული მუსიკის სინათლე, სინდისი. ის იყო ბრწყინვალე კომპოზიტორი, სასწაული პიროვნება. ეს ტალანტი მას ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. მისი გამორჩეულად მელოდიური სიმღერები ყველამ აიტაცა. ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება უკვდავია. რა თქმა უნდა, მიხარია და ამაყი ვარ, რომ მან ჩემთვის რამდენიმე სიმღერა დაწერა. ჩემი ოჯახი მას ახლოს იცნობდა. უდიდესმა კომპოზიტორმა არაერთხელ მომილოცა დაბადების დღე, ყოველთვის ძალიან მგულშემატკივრობდა.
ეკა მამალაძე:
– ჩვენ ხშირად გვსტუმრობდა, დედას მოინახულებდა და ყოველ მის დანახვაზე ამბობდა: „ის აქ არის. . .“. უსაყვარლესი იყო, უნიჭიერესი, სიკეთით სავსე. მეუბნებოდა: შენ უკვე მაგრად მღერიო. მიხარია, რომ დღეს მის შემოქმედებით საღამოში ვმონაწილეობ, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ის აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყო.
მაია ჯაბუა:
– ალბათ, მე არ ვიქნები გამონაკლისი, თუ ვიტყვი, რომ იგი უდიდესი კომპოზიტორი იყო, რომელმაც უდიდესი განძი დაგვიტოვა. იყო საოცრად მეგობრული, იუმორით სავსე, უყვარდა ახალგაზრდები, გულშემატკივრობდა მათ. . . მასთან დაკავშირებული ყველაფერი თბილი და საუკეთესო მახსოვს.
ერეკლე საღლიანი:
– მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გახლდათ. მას ხალხმა მიანიჭა წოდება „სახალხო კომპოზიტორი“. ის ბევრს მიაჩნდა თავის მეგობრად. რაც შეეხება შემოქმედებას – კლასიკა , ესტრადა. . . ყველგან დიდოსტატის ხელი ჩანს. ხელიხელსაგოგმანებელი კომპოზიტორი იყო. უაღრესად ეროვნული მუსიკა დაგვიტოვა, ისეთი, პირდაპირ სისხლში რომ მიდის. ხშირად ამბობდა: „ის აქ არის. . .“, დიახაც, ის აქ არის და ყოველთვის ასე იქნება.
. . . ეკრანზე ისევ გამოჩნდა ვაჟა აზარაშვილი, რომელიც ყოველთვის საუკეთესოდ ასრულებდა საკუთარ სიმღერებს. მსმენელი კიდევ ერთხელ დატკბა მისი შესანიშნავი ხმითა და შესრულების გამორჩეული მანერით. დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს კომპოზიტორს, რომელმაც თავისი შემოქმედებით უკვდავებაში შეაბიჯა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა


