ვახტანგ კალოიანი: შეკრების კონტროლისთვის ნივთიერებების გამოყენების მთავარი ამოცანაა, მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი
By

ვახტანგ კალოიანი: შეკრების კონტროლისთვის ნივთიერებების გამოყენების მთავარი ამოცანაა, მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველ მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერების ე.წ. კამიტის თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მსოფლიო საზოგადოების მსჯელობის თემად იქცა. მართალია, ბრიტანული მაუწყებლის ეფემერული ბრალდება ბევრმა მიიჩნია აბსურდულად, თუმცა აჟიოტაჟი, მაინც, დიდი მოჰყვა. ორ ბანაკად გაყოფილი ჩვენი საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი თვლის, რომ აკრძალული ნივთიერება ნამდვილად იყო გამოყინებული და ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, ხოლო ხელისუფლება საკუთარ სპეციალისტებს იშველიებს და უარმყოფელ ფაქტებს დებს.

BBC-ის ცნობით, მათი სპეციალისტები ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით კი, შარშან 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი“ კი შსს-ს არასდროს შეუძენია“.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და აცხადებს: სუს-ის ბრიფინგში დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება – ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის. სწორედ ამ კოდით ამტკიცებდნენ ოპოზიციონერები, შსს-მ ხალხის წინააღმდეგ ე.წ. კამიტი გამოიყენაო. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება სულაც არ არის „კამიტი“, უფრო მეტიც, სულაც არ არის აკრძალული. მას აქვს კონკრეტული სახელი და გამოიყენება სპეციალური ოპერაციების დროს. აქ უნდა დასრულდეს ყოველგვარი მითქმა-მოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით.

საკითხზე „აჭარას“ ესაუბრა პარტიაფედერალისტებისწევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი.

– ბატონო ვახტანგ, რამდენად უშვებთ, რომ ხელისუფლება აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას გამოიყენებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?

– ამის დასადგენად აუცილებელია საერთაშორისო, ობიექტური გამოძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ექიმები, ტოქსიკოლოგები და შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, რათა სრულად გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული აქციების დასაშლელად.

– ამ ბრალდებებით ძალიან დაიძაბა საზოგადოება…

– საზოგადოებაში დაძაბულობა იმით არის გამოწვეული, რომ ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე და ხელისუფლება მესიჯბოქსში აირია, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არ არის.

– ხომ ჩატარდა გამოძიება?

– დღეს მნიშვნელოვანია ობიექტური, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს. მაღალი სტანდარტით გაკეთებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, ასევე, ხელისუფლების რეაქციამ და მათმა განცხადებებმა, ამ ფილმში მონაწილე პირების დაშინებამ და ორგანიზებულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ კიდევ უფრო სარწმუნო გახადა ის, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ამიტომ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაღალი კლასის სპეციალისტები, ექიმები, ტოქსიკოლოგები…

– დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ „კამიტი“ გამოიყენეს? ხომ გამოქვეყნდა, რა ნივთიერებაც გამოიყენეს და რომ ეს არ არის აკრძალული?

– ამ ეტაპზე, მტკიცებითი ფორმით იმის თქმა, რომ კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული, შეუძლებელია. ამას სჭირდება სხვა ტიპის გამოძიება, რომელსაც საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი პირები ჩაატარებენ. არ არის აუცილებელი, სამედიცინო ან ბიოტექნოლოგიური თუ ქიმიური ანალიტიკა იყოს. მთავარი კითხვაა – რა ნივთიერებაა გამოყენებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ნივთიერება უნდა განისაზღვროს საერთაშორისო სპეციალისტების მიერ და არა სუსის კადრების მეშვეობით.

– საერთოდ, რა დატვირთვა გააჩნია მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას და ზოგადად, რატომ არის დაშვებული მისი ხალხისთვის მისხურება, იქნება ეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი თუ სხვა, თუნდაც დაშვებული ნივთიერება…

– ყველა მსგავსი შეკრების კონტროლისთვის ნივთიერებების გამოყენების მთავარი ამოცანაა მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი მოკლე დროის განმავლობაში, თუმცა ამ ხსნარს არ უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი. სამედიცინო საზოგადოებისთვის ეს არის პირველი რიგის ინტერესი. თუ კონკრეტული ნივთიერება გვეცოდინება, გვეცოდინება რა ხანგრძლივი რისკები აქვს. ერთი შეხედვით, ეს ნივთიერება ამშვიდებს მომიტინგეებს და სამართალდამცველებს უადვილებს წესრიგის აღდგენას. ეს პროცესები მიღებულია დემოკრატიულ, მოწინავე ქვეყნებში, მაგრამ ცხადია, ნივთიერება უნდა იყოს უსაფრთხო.

– თუკი მართალია BBC-ის ბრალდება, რა ემუქრება იმ ხალხს, ვისაც შეასხეს „კამიტი“?

– მინდა დავამშვიდო საზოგადოება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან, თუნდაც ყველაზე ცუდი ნივთიერება იყოს გამოყენებული, იმ შემთხვევაშიც კი ექიმთან კონსულტაციით შესაძლებელია დაზიანების დადგენა. ყველა ქიმიურ პრეპარატს გარკვეული ონკოლოგიური რისკები აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ჯერ რამე განსაკუთრებულია.

– ცოტა გაბუქებულად ხომ არ მიგაჩნიათ BBC-ის კვლევა?

– BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ხარისხიანმა ჟურნალისტურმა კვლევამ და ხელისუფლების გამოხმაურებამ „ძალიან სარწმუნოდ“ აჩვენა, რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკვლევა. ცხადია, იმედს ვიტოვებ – ექიმები არ დაარღვევენ სამედიცინო ეთიკას და შესაბამისად, გამოძიებას მიაწოდებენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ გასაცემია და რეალურად დაეხმარება ფაქტების დადგენას.

– პრინციპში, ხომ დადგინდა უკვე…

– სანდო და ეფექტური გამოძიების განხორციელება შეუძლებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის გარეშე, ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, ჩემი აზრით, „კომიკურია“ და კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს.

– კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს?

– მნიშვნელოვანია აღვრიცხოთ დაზარალებულთა ვინაობა, შევკრიბოთ შესაძლებელი ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები მოგვაწვდიან. აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ თუკი დადასტურდება მავნე ქიმიური აგენტების გამოყენება, ამ ხალხმა (დაზარალებულებმა) ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს კომპენსაცია.

ისიც მინდა აღვნიშნო – დაკითხვაზე აქტიური მოქალაქეების დაბარება არის დაშინების მცდელობა, რომ ნამდვილი ინფორმაცია არ მიაწოდონ სანდო გამოძიებას. ხელისუფლება ცდილობს, როგორც სხვა გამოძიება, ესეც პოლიტტექნოლოგიებისთვის გამოიყენოს, რომ ეს კრიზისი „გადააგოროს“ . სამწუხაროდ, ფაქტობრივი ხელისუფლების მოქმედება ამ ფილმის გაშვების შემდეგ არ იძლევა საფუძველს, რომ მისი გამოძიებით მიღებული დასკვნა ობიექტურობასთან ახლოს ყოფილიყო.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა გამოძიება ტელეკომპანია BBC-ის სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციებზე, ასევე მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდებს სუს-ის ბრიფინგიდან, სადაც სპეციალისტებმა ამომწურავად უპასუხეს უცხოეთის მიერ წაყენებულ ქიმერულ ბრალდებას:

„გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.
ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის – არის ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“.
აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიისგან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ,,ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე, მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით UN3439 და UN1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის ,,ავერსი-რაციონალს“, ,,ჯიპისის“, ,,რუსთავის აზოტს“ და სხვებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.
რაც შეეხება ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდს“, იგივე ,,კამიტს“ – ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს’’.
ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ ,,კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდის“, ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.
ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.
ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად,“ – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

 

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *