ვახტანგ ძაბირაძე: თურმე ხელისუფლება გადმოვიბარეთ და შსს-ს იმ 6 კაცის დაპატიმრება დავავალეთ…
„ძალიან ძნელი ასახსნელია ეს ყველაფერი. მე, პირადად, გამუდმებით ვამბობდი, რომ საზოგადოება არ იყო მზად რადიკალური ქმედებებისთვის და ამასთან, იყო ძალიან დიდი ალბათობა, რომ მოხდებოდა პროვოცირება. ამ ორივეს გაერთიანება ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი იერიშის დროს. როდესაც ვამბობდი, არ მივიღოთ დემოკრატიის ნაცვლად უფრო კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი-მეთქი, სწორედ ამ საფრთხეებს ვგულისხმობდი. კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ მოხდება იდენტიფიცირება და დაიწყება დაპატიმრებები და დაიწყო კიდეც – ანუ ყოველივე ის, რატომაც მოვუწოდებდი ოპოზიციას და საზოგადოებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად-მეთქი, ახდა. ჯერ ორგანიზატორები არიან დაპატიმრებული, მაგრამ ალბათ დაიწყება უფრო მეტი ხალხის დაპატიმრება და თან ისე, რომ ხელისუფლებას ექნება თავის გასამართლებელი არგუმენტი“, – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრაში“.
„ითქვა, რკინის ღობე არ ყოფილა გამაგრებული, ხელისუფლებამ სპეციალურად ხომ არ გააკეთა ესო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ როცა ორგანიზებას აკეთებ, პროვოკაციებს არ უნდა წამოეგო. აღარაფერს ვამბობ იმ დეკლარაციაზე, რომელიც ბატონმა ბურჭულაძემ წაიკითხა. არ ვიცი, რომელ პარტნიორს თუ პოლიტიკოსს შეიძლება ვაჩვენოთ ის, რაც იქ ეწერა. იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე რომ ლაპარაკობდა და ხალხი ტაშს უკრავდა, ხომ აბსურდის თეატრში აღმოვჩნდით… რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმედი მქონდა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ცოტა მაინც გავიზარდეთ, მაგრამ პირიქით მოხდა – გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუ გვგონია, ეს რაოდენობა კი არა, სამი ამდენიც რომ შეკრებილიყო და ვიღაცას რაღაც დეკლარაცია წაეკითხა, ამის გამო ხელისუფლება გაიქცეოდა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მივიღეთ ის, რაც ყველაზე მომგებიანია ხელისუფლებისთვის! დაიწყება რეპრესიები და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც მეტ-ნაკლები გავლენა ჰქონდათ საზოგადოებაში და ცდილობდნენ „ნაცმოძრაობისთვის“ მიეწებებინათ, ამაში მოყვება. კობახიძემ თქვა კიდეც, რომ რაც მოხდა, დამატებითი საფუძველი იქნება საკონსტიტუციო სარჩელისთვის. ოთხი პარტიის აკრძალვას აპირებენ“, – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
„საქმე გვაქვს უკიდეგანო პოლიტიკურ სიბრიყვესთან, ან ეს არის პროვოცირებაში მონაწილეობა. საქმე ის კი არ არის – რომელმა მოაწყო – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ თუ ორივემ ერთად… მთავარია საზოგადოება, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს, წარმოიდგინეთ, რა დღეშია ხალხი… პოლიტიკურად კიდევ უფრო დაბლა დავეშვით, ვიდრე 1990-იანებში ვიყავით. მაშინ იყო ერთ-ერთი შეკრება, სადაც ერთმა კაცმა – გვარს არ დავასახელებ, რადგან ის კაცი გაქრა ეროვნული მოძრაობიდანაც და პოლიტიკიდანაც, თქვა, – თავს რატომ ვიკლავთ, ძალიან მარტივია დამოუკიდებლობის მიღება, დავბეჭდოთ ქართული პასპორტები, გადავყაროთ რუსული და ვიქნებით დამოუკიდებელიო. ეს განცხადება იმისგან, რაც გააკეთა ბურჭულაძემ, რამით განსხვავდება? მაშინ მას დავცინეთ და გავიარეთ, დღეს კი დამცინავიც არ აღმოჩნდა არავინ, მოედანზე შეკრებილი ამდენი ხალხი აღტაცებით შეხვდა იმას, რომ თურმე ხელისუფლება გადმოვიბარეთ, და არა მარტო გადმოვიბარეთ, შსს-ს დავავალეთ, რომ ის 6 კაცი სასწრაფოდ დაეპატიმრებინა. ამის შემდეგ კი ჩავთვალეთ, რომ შეგვეძლო პრეზიდენტის სასახლის აღება. არ ვიცი, ამის ფონზე კიდევ კარგად როგორ ვართ?!..“ – უკვირს ძაბირაძეს.